ჟოლოს უწოდებენ ჯუჯა ბუჩქს ვარდისებრთა ოჯახიდან, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელებულია. ჟოლოს ჯიშების გამოყვანა მე-16 საუკუნეში დაიწყეს. რა თქმა უნდა, ყველაზე პირველი ჟოლო წითელი იყო, მაგრამ ახლა შეიძლება შეგხვდეთ თეთრი, ყვითელი და შავი ჟოლო. როგორც მარწყვი, ჟოლოც ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული კენკრაა.
ჟოლოს შემადგენლობა
ჟოლოს ძალიან მდიდარი ვიტამინების შემადგენლობა აქვს: C, A ვიტამინები, ბეტა კაროტინი, B5, K ვიტამინები. მასში სასარგებლო მიკროელემენტებიც გვხდება: კალიუმი, კრემნიუმი, სპილენძი, მანგანუმი და ბევრი სხვა. მასში შედის ბევრი ფიტოსტეროლი, პურინი, ეთერზეთი და სხვადასხვა მჟავა: ვაშლის, მჟაუნის, ღვინის და ჭიანჭველის. და მაინც, ჟოლოს უნიკალურ პოლიფენოლურ პროფილში ყველაზე სასარგებლო ანტოციანები და ელაგიტანინებია – ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც უჯრედების ნივთიერებათა ცვლას არეგულირებენ, საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცხიმების და ნახშირწყლების დაშლას აჩქარებენ.
ჟოლოს სასარგებლო თვისებები
- გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია
ცნობილია, რომ ჟოლო გულს იცავს. ექიმები აღნიშნავენ, რომ მცირე რაოდენობით ჟოლოს რეგულარული მიღება გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს. ჯერ კიდევ 2010 წელს მეცნიერებმა გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობასა და კენკრის ჭამის შორის კავშირის დასადგენად კვლევა ჩაატარეს.
დადგინდა, რომ კაცებს, რომელთა დღიურ რაციონში დაახლოებით 400 გრ სხვადასხვა კენკრა შედიოდა, გულით და სისხლძარღვებით გარდაცვალების დაბალი რისკი ჰქონდათ. ასევე პოსტმენოპაუზის პერიოდში ქალების გარდაცვალების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა.
მოგვიანებით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ წითელ ჟოლოს გარკვეული კარდიომეტაბოლური თვისებები აქვს. დადგენილია, რომ ჟოლოში შედის ბევრი სასარგებლო ნივთიერება, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან დამცავ როლს თამაშობენ. სწორედ ამიტომ, ჟოლოს რეგულარული მიღება არტერიულ წნევას ამცირებს, ლიპიდურ პროფილს აუმჯობესებს, ათეროსკლეროზის რისკს ამცირებს და სისხლძარღვების ფუნქციებს აუმჯობესებს. - ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია
სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ სხვადასხვა კენკრის რეგულარული მიღება ორგანიზმში სიმსივნის წარმოქმნას აფერხებს. ბევრი ანტიოქსიდანტის შემცველობის წყალობით თავისუფალი რადიკალების დიდი ნაწილი ნადგურდება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კენკრა გარკვეულ ქიმიოთერაპიულ თვისებებს ფლობს. კენკრის ანტისიმსივნური ეფექტი დაფიქსირებულია პირის ღრუს, საყლაპავის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის წინააღმდეგ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კენკრა სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას და ნაწლავებში მიკროფლორის შემადგენლობის დაბალანსებას ხელს უწყობს, რაც ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს.
ერთ–ერთი ნივთიერება, რომელსაც ანტისიმსივნური მოქმედება აქვს, ელაგის მჟავაა. მას ბევრი ხილის წვენი, ასევე კენკრა, მათ შორის ჟოლო, შეიცავს. სიმსივნის უჯრედებში მოხვედრისას მათ სიცოცხლისუნარიანობას აკონტროლებს და უჯრედული ციკლის განვითარებას აფერხებს.
სიმსივნის პროფილაქტიკაში ყველაზე მეტად შავი ჟოლოს თვისებებია შესწავლილი. კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ კენკრა თავის და ყელის, საყლაპავის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეზე დადებით გავლენას ახდენს. აღსანიშნავია, რომ ჟოლოს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს, ჟანგვით სტრესს ამცირებს, ნივთიერებათა ცვლაზე გავლენას ახდენს და აქტივობას აღადგენს, ამით სიმსივნის განვითარებას ხელს უშლის. - შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ჟოლო ღირებული უჯრედისის და სხვადასხვა ფიტონუტრიენტების შესანიშნავი წყაროა, რომელიც შაქრიანი დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხვადასხვა დიეტური კენკრა დიაბეტის მკურნალობაზე უნიკალურ დადებით გავლენას ახდენს, ძირითადად, გლიკემიური და ლიპიდური პროფილის გაუმჯობესების ხარჯზე, ანტიოქსიდანტურ სტატუსს ზრდის და ათეროსკლეროზის ბიომარკერებს ამცირებს.
დამტკიცებულია, რომ ჟოლო სხვადასხვა პოლიფენოლს შეიცავს, რომლებიც სადილობის შემდეგ ჰიპერგლიკემიას ამცირებენ და დიაბეტიან ზრდასრულებში ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენენ. - იმუნიტეტის გაძლიერება
ჟოლო შეიცავს ბევრ C ვიტამინს და სხვადასხვა ანტიოქსიდანტს. ამის წყალობით სხვადასხვა რესპირატორული დაავადების სამკურნალოდ ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. გახსოვდეთ, რომ ახალი ან გაყინული კენკრა სასარგებლოა, მაგრამ არა დაშაქრული მურაბა. ჟოლო საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა, მიკროფლორის შემადგენლობას არეგულირებს, რაც სხვადასხვა პათოგენზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციას ზრდის.
ჟოლოში შემავალი ანტოციანები რესპირატორული დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს და ვირუსებს უმკლავდება. ჟოლოს ანტიმიკრობული თვისებები ბაქტერიების და სოკოს ზრდას ამცირებენ, რომლებიც ნაწლავების ანთებას და გინეკოლოგიურ დაავადებებს იწვევენ. - ართრიტის პროფილაქტიკა
ჟოლოსა და სხვა კენკრაში შედის ბევრი პოლიფენოლი, რომელიც სახსრების განადგურების პროცესს ანელებს და ართრიტის პროფილაქტიკას ხელს უწყობს. კენკრის რეგულარული მიღება ართრიტის ტკივილს ამცირებს. 2018 წლის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ხელმისაწვდომი კენკრა, როგორიცაა ჟოლო, მოცვი და მარწყვი, ექსპერიმენტულ მოდელებსა და კლინიკურ კვლევებში ართრიტის დროს ტკივილის და ანთების შემცირების კარგ შედეგს აჩვენებს. - კანის დაცვა
C ვიტამინის წყალობით ჟოლო კანისთვის ძალიან სასარგებლოა. კენკრის რეგულარული მიღებისას კოლაგენის წარმოება უმჯობესდება და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედება მცირდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი ჟოლო კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. ჟოლოში შემავალი ანტიოქსიდანტები კანზე ანთებით რეაქციებს მნიშვნელოვნად ამცირებენ. - ტვინისთვის სარგებელი
მეცნიერების თქმით, ჟოლო, როგორც ბევრი სხვა კენკრა, მეხსიერების ასაკობრივ გაუარესებას თავიდან აგაცილებთ. მასში შემავალი კვერცეტინი, ციანიდინი, კატეხინი, სალიცილის მჟავა და სხვა ანტიოქსიდანტები ხანდაზმულების ტვინის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენენ. ნერვულ პროცესებსა და სინაფსურ მოქნილობაზე დიეტური ფაქტორების გავლენამ რამდენიმე მთავარი მექანიზმი გამოკვეთა, რომლებიც დამატებით კვლევებს მოითხოვს, მაგრამ უკვე დადგენილია, რომ კენკრის რეგულარული მიღება ჟანგვით სტრესს ამცირებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
ჟოლოს ფოთლების სარგებელი
როგორც კენკრა, ასევე მისი ფოთლები ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს. ფოთლებს ფარმაკოლოგიასა და მედიცინაში ფართოდ იყენებენ. ჟოლოს ფოთლები ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მენსტრუაციულ ციკლს არეგულირებს და მტკივნეულ შეგრძნებებს ამცირებს. ორსულობის დროს ჟოლოს ფოთლების ნახარში გულისრევას აქრობს. ასეთი საშუალება მშობიარობის ტკივილის შესამსუბუქებლად სასარგებლოა. გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს სხვადასხვა მცენარეული ნაყენი დიდი სიფრთხილით უნდა მიირთვათ.
ჟოლოს ფოთლები სურდოს დროს აქტიურად გამოიყენება, რადგან ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
ჟოლოს ფოთლები გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ, აკნეს მოსაშორებლად, არტერიული წნევის შესამცირებლად და ა.შ.
ზიანი და უკუჩვენება
ითვლება, რომ დღეში 400 გრამამდე ჟოლოს მიღება საზიანო არაა. რიგი გარემოების შემთხვევაში ჟოლოს მიღება ძლიერ უნდა შეამციროთ. პირველ რიგში, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების (გასტრიტი, წყლული და ა.შ.) გამწვავების დროს. თირკმლის პრობლემების დროს ჟოლოს მიღება არ ღირს. პოდაგრის დროსაც რაციონიდან ამოიღეთ, ასევე ალერგიული რეაქციის დროს. ნებისმიერ შემთხვევაში, ექიმი კენკრის მიღებას მხოლოდ მთავარი კერძის მირთმევის შემდეგ გვირჩევს.
ჟოლო კულინარიაში
ჟოლოდან ამზადებენ ჟელეს, მარმელადს, სუფლეს, ზეფირს, სოუსს, ხილის სალათს, ღვეზელის და ფუნთუშის შიგთავსს, დესერტის წვნიანს, ტორტის კრემს, ჩაის, ლიმონათს და ნაყენს. ჟოლო შეგიძლიათ დააკონსერვოთ, მისგან კომპოტს, მურაბას და ჯემს ამზადებენ. ყველაზე სასარგებლოა ახალი ჟოლო ყოველგვარი დანამატის გარეშე ან ნატურალურ იოგურტთან ერთად.