დემენცია ლათინურად ნიშნავს "უგონობას". დაავადების ნიშნები განსხვავებული შეიძლება იყოს, თუმცა, პირველი სიმპტომი გარშემომყოფებისთვის - ესაა მეხსიერების დაქვეითება. შემდეგ ჩნდება ე.წ. კოგნიტური დეფიციტი: მეტყველების, ყურადღების, სივრცეში ორიენტირების უნარის დარღვევები, აბსტრაქტული აზროვნების გაუარესება.
შეიძლება თუ არა ტვინში დემენციით გამოწვეული ცვლილებები ავიცილოთ თავიდან? რა თქმა უნდა, შეიძლება! ხშირად, ამისთვის იყენებენ ნოოტროპებს(ნოოს - "ცნობიერი" და ტროპოს - "დაახლოება").
პრეპარატები ტვინის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად
გაქვთ ნანახი ფილმი "უსაზღვრო", რომელშიც ბრედლი კუპერი, წარუმატებელი მწერალი, იწყებს NZT პრეპარატების მიღებას, რომლებიც ტვინს ასტიმულირებს წარმოუდგენელი სიჩქარით? ეს სრულად ცვლის გმირის ცხოვრებას, ხდის მას მდიდარს და წარმატებულს, შემდეგ კი იგებს პრეპარატების საშინელი გვერდითი მოვლენების შესახებ.
უნდა ითქვას, რომ ნოოტროპები სულაც არაა ჯადოსნური აბები ფილმიდან. ისინი გვეხმარება კონცენტრაციაში, მეხსიერების გაუმჯობესებაში, თუმცა გენიალურ ლექსებს ვერ დაგაწერინებთ და გონებაში დიფერენციალურ განტოლებებს ვერ ამოგახსნევინებთ.
ნოოტროპული პრეპარატების პირველ ნიმუშად ითვლება "პირაცეტამი", რომელიც XX საუკუნის შუა წლებში გამოიგონა კომპანია UCB Pharmaceutical-მა ბელგიაში. ხელმისაწვდომობისა და გვერდითი მოვლენების არარსებობის წყალობით, ეს საშუალება თითქმის ხალხურად იქცა.
მას ნიშნავენ არამხოლოდ ხანში შესული პაციენტებისთვის, რომელთაც დემენცია ან მეხსიერების გაუარესება აღენიშნებათ, არამედ ბავშვებშიც ცუდი ათვისების, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის, ალკოჰოლიზმის, ქალა-ტვინის ტრავმების დროსაც.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ნოოტროპს განსაზღვრავს, როგორც საშუალებას, რომელიც "პირდაპირ აქტიურად მოქმედებს დასწავლაზე, მეხსიერებასა და გონებრივ ცხოველქმედებაზე, ზრდის ტვინის რეზისტენტულობას გარემო-პირობების მიმართ". იგი მოქმედებს შემდეგნაირად.
ნოოტროპების მოქმედება
- ასტიმულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას;
- აუმჯობესებს გლუკოზის მოხვედრასა და ათვისებას (შედეგად ტვინი არ განიცდის ენერგიის ნაკლებობას);
- ხელს უშლის ტვინის ჰიპოქსიას(ჟანგბადის შიმშილს);
- აუმჯობესებს ურთიერთქმედებას ტვინის მონაკვეთებს შორის, აჩქარებს ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას;
- ასტიმულირებს კოგნიტურ ფუნქციებს, ინფორმაციის შენახვასა და დამუშავებას, მოქმედებს გარკვეული ნეირომედიატორების გამომუშავებაზე (ნივთიერებები, რომელთა დახმარებითაც ნეირონები მიმოცვლიან ინფორმაციას).