განასხვავებენ რეინოს პირველად და მეორეულ სინდრომებს. პირველს რეინოს დაავადება ეწოდება, მეორეს - რეინოს ფენომენი.
პირველადი რეინოს სინდრომი დამოუკიდებელი დაავადებაა. მის წილად მოსდის შემთხვევათა 50 %. არ გამორიცხავენ მის წარმოშობაში ალფა-2 ადრენორეცეპტორებისადმი სისხლძარღვთა მომატებული მგრძნობელობის როლს. პროცესი, ჩვეულებრივ, სიმეტრიულად ლოკალიზდება ზედა კიდურებზე.
მეორეული რეინოს სინდრომი შერწყმულია სხვადასხვა დაავადებასთან და ზრდასრული მოსახლეობის 4-10%-ში გვხვდება. კერძოდ, რეინოს ფენომენი თავს იჩენს ისეთი დაავადებების ფონზე, როგორებიც არის:
- შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები;
- სკლეროდერმია;
- წითელი მგლურა;
- რევმატოიდული ართრიტი;
- შეგრენის სინდრომი;
- პოლიმიოზიტი/დერმატომიოზიტი;
- სისხლძარღვთა დაავადებები;
- მაობლიტერირებული თრომბანგიიტი;
- ტაკაიასუს დაავადება;
- ათეროსკლეროზი.
სიმპტომები და მიმდინარეობა
პირველადი რეინოს სინდრომი ანუ რეინოს დაავადება თანდათანობით ვითარდება. ავადმყოფი უჩივის სიცივეში სისხლძარღვთა სპაზმის ხანმოკლე, მსუბუქ შეტევებს. დროთა განმავლობაში ასეთი შეტევები უფრო და უფრო მეტად მძიმდება. ჩვეულებრივ, შეტევებს გადაცივება აპროვოცირებს, თუმცა არცთუ ისე იშვიათია შეტევა ემოციური სტრესის ფონზეც. შეტევა შესაძლოა შეწყდეს გათბობისას, ზოგჯერ კი თავისთავადაც გაივლის. შეტევებს შორის ავადმყოფი არაფერს უჩივის, ხოლო გასინჯვისას ექიმი პათოლოგიურ ცვლილებებს ვერ აღმოაჩენს.
გართულებები
მოსალოდნელია: - ონიქოპათია (ფრჩხილის პათოლოგიები);
- წყლულები თითის წვერებზე;
- განგრენა;
- თითის წვერების თვითამპუტაცია.
მკურნალობა
მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი ითვალისწინებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებას. ამ მიზნით გამოიყენება პრეპარატების რამდნეიმე ჯგუფი, კერძოდ, კალციუმის ანტაგონისტები (ნიფედიპინი, კორინფარი, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა ბლოკერებიც: ვერაპამილი, დილთიაზემი, ნიკარდიპინი), ალფა-ადრენობლოკერები, პერიფერიულად მოქმედი ადრენერგული ინჰიბატორები, ცენტრალური ალფა - აგონისტები (მეთილდოფა), ვაზოდილატატორები.
რეკომენდაციები შეტევის დროს
იშემიის მწვავე შეტევის დროს გადაუდებელი მკურნალობა კიდურის გათბობას გულისხმობს, ვინაიდან სითბო ხელს უწყობს შეტევის უკუგანვითარებას. ამისთვის ხელები ჩაყავით თბილ (და არა ცხელ!) წყალში. კანის ტემპერატურა მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს სისხლძარღვების გაფართოებასა და შეთბობას. შეგიძლიათ აგრეთვე, ხელები შეუშვიროთ საშრობი აპარატის თბილი ჰაერის ნაკადს. ტკივილი თავიდან რომ აიცილოთ, საკმარისია, გაიკეთოთ მსუბუქი მასაჟი და თითები 2-3 წუთის განმავლობაში შეითბოთ. მასაჟი აუცილებლად უნდა გაკეთდეს თბილი თითებით ან შალის ქსოვილით. სასურველია, დალიოთ ცხელი ჩაი. შეტევის გახანგრძლივებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
დაავადების გამწვავების პროფილაქტიკა
გამწვავების თავიდან ასაცილებლად არსებობს სპეციალური რეკომენდაციები:
ერიდეთ:
სიცივეს. სიცივეს უნდა მოარიდოთ არა მარტო კიდურები, არამედ სახე და სხეულის მიმოქცევა ორგანიზმში ავტომატურად ნელდება. სხეულის ნებისმიერი ნაწილის გადაცივებამ შეიძლება თითის სისხლძარღვების შევიწროება (ვაზოკონსტრუქცია) და რეინოს შეტევა გამოიწვიოს; წყალსაცავში ბანაობა ჯანმრთელი ადამიანებისთვის სასარგებლოა, მაგრამ დაუშვებელია რეინოს დაავადების დროს; ნუ დაიბანთ ხელებს ცივი წყლით;
ისეთი მედიკამენტების მიღებას, რომლებიც იწვვეს სისხლძარღვთა სპაზმს (ბეტა - ადრენობლოკერები, კოფეინი) - ისინი ხელს უწყობენ რეინოს დაავადების შეტევის განვითარებას და ახანგრძლივებენ მას; - მაგარი ჩაის, ყავის მიღებას;
- სტრესულ სიტუაციებს;
თამბაქოს. თუ ეწევით, დაუყოვნებლივ და სამუდამოდ თქვით უარი სიგარეტზე. ჯანმრთელ ადამიანშიც კი, რომელსაც სისხლძარღვოვანი რეაქციები ნორმალური აქვს, ნიკოტინი იწვევს არტერიების ტონუსის ხანგრძლივ მატებას და კანის სისხლძარღვების სპაზმს, რეინოს სინდრომის შემთხვევაში კი შესაძლოა შეტევის პროვოცირება მოახდინოს.
ზამთარში აუციებლად ატარეთ თბილი ხელთათმანები. ეცადეთ, ფეხსაცმელი ყოველთვის მშრალი გქონდეთ. სასარგებლოა რაციონში პოლიუჯერი ცხიმოვანი (ლინოლის, ლინოლენის, არაქიდონის) მჟავების ჩართვა. მიირთვით თევზი. ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს, სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა. დამტკიცებულია, რომ ეს მჟავები ორგანიზმს სიცივის გადატანას უადვილებს და თავიდან გვაცილებს რეინოს დაავადების შეტევებს.
ავარჯიშეთ სისხლძარღვები. ეს თანდათანობით გაზრდის ტემპერატურის გრადიენტს და სისხლძარღვებს ტემპერატურული სტრესისადმი უფრო შეუვალს გახდის.