გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში, ხშირად გვხვდება მუხნარებში. ცაცხვის მოჭრა მხოლოდ 90 წლის ასაკშია დასაშვები. ამ დროისათვის მცენარეს შეუძლია დიდი რაოდენობით სამკურნალო ნედლეულის მოცემა. ცაცხვი შესანიშნავი თაფლის მომცემი მცენარეა.
ნედლეულად ამზადებენ ცაცხვის ყვავილებს, თანაყვავილედის ფოთლებთან ერთად. ყველაზე საუკეთესო დრო მათი დამზადებისთვის არის მაშინ, როდესაც ნახევარზე მეტი ყვავილები გაშლილია. შეგროვება უნდა დაიწყოთ მხოლოდ მშრალ ამინდში, დღის საათებში, რათა ყვავილებზე ნამი არ იყოს. ცაცხვი ყვავილობს 10-15 დღე, ამიტომ არ უნდა დაიგვიანოთ, შეგროვილ ყვავილებს აშრობენ თხელ ფენად გაშლილს ჰაერზე ჩრდილში, ან საშრობებში 25-30oС - ტემპერატურაზე, არ უნდა გამოაშროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილები ჩამოცვივდება. მშრალი ნედლეული შეიძლება შეინახოთ 2 წლის განმავლობაში.
ცაცხვის ყვავილები შეიცავენ ეთერზეთს, ჰესპერიდინს, ტილიაცინს, საპონინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას. ეთერზეთის შემადგენლობაში ნაპოვნია ფარნეზოლი.
ცაცხვის ყვავილის ხალხურ მედიცინაში გამოყენება ნახარშებისა და ნაყენების სახით როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება. იყენებენ აგრეთვე ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის ჰიპერტონული დაავადებების დროს. მისი ნახარშები იხმარება აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, მწვავე ბრონქიტების დროს. გამოიყენება აგრეთვე პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესებისა და ანგინის დროს. ცაცხვის ყვავილები შედის ასევე ყელში გამოსავლებ სხვადასხვა ნაკრებების შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, აგრეთვე ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენების სახით დამწვრობის, წყლულების, სარძევე ჯირკვლის ანთების, ბუასილის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარების დროს.
გაცივების დროს 2 სუფრის კოვზ ყვავილს ამზადებენ როგორც ჩაის, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წუთი, რის შემდეგ ნაყენი მზადაა გამოსაყენებლად, ან 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 10 წუთი, გადაწურავენ და იღებენ 2-3 ჭიქას საღამოს.
თირკმელების, ღვიძლისა და ჰიპერტონული დაავადების დროს ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა.