გაზომეთ მართკუთხედის ფორმის ყუთის სიგანე და ამის მიხედვით გამოჭერით სქელი ფირფიცარი. დადეთ ჰორიზონტალურად. ანალოგიურად გამოჭერით ფირფიცარის ზომის ჩარჩოს შესაკვრელი მასალაც.
ჩარჩოს მასალა ააწყეთ ჰორიზონტალურად დადებული ფირფიცრის კიდეებზე და წვრილი ლურსმნებით ისე მიაჭედეთ, რომ მიიღოთ სიმეტრიული კუთხეები აცდენების გარეშე.
მზა მართკუთხედის ფორმის ყუთის ძირში ჩადეთ აგური. ჩარჩოიანი ფირფიცარი წამოაყენეთ, ჩადგით იმავე ყუთში ისე, როგორც სურათზე არის ნაჩვენები, ლურსმნებით დააფიქსირეთ და მთლიანად შეღებეთ სასურველი შეფერილობის საღებავით.
საღებავის გაშრობამდე მოამზადეთ პლასტმასის ქოთნები. თითოეული ქოთნის პირზე დააკარით საიზოლაციო ლენტი, გადაზომეთ ცენტრი და ბურღით დაიტანეთ თითო ნახვრეტი.
კარგად გამშრალ ხის კონსტრუქციაზე დაიტანეთ ცხრა ან თქვენთვის სასურველი ოდენობის წერტილი ისე, რომ ქოთნები თანაბრად განაწილდეს და ელექტრო ბურღით გახვრიტეთ წერტილების მონიშვნის ადგილები. ფირფიცარზე არსებულ ნახვრეტებში დაამაგრეთ კაუჭები და ზედ დაკიდეთ ქოთნები.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მზა კონსტრუქცია გადაიტანეთ თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას. მართკუთხედის ფორმის ყუთში და ქოთნებში ჩაყარეთ სადრენაჟო მასალა, მიწის სუბსტრატი და ჩარგეთ დეკორატიული მცენარეები, ბალახეულობა ან მწვანილეულობა.