ფოთლები 7-15 სმ-ის სიგრძისაა, მორიგეობით განლაგებული, მოკლეყუნწიანი, შიშველი, პრიალა, ზემოდან მწვანე, ქვედა მხრიდან მკრთალი მწვანე, ფრთისებრდანაკვთული, მოგრძო-უკუკვერცხისებრი. ამონაყარ ყლორტებზე ფოთლები უფრო მსხვილია, მათი სიგრძე 30 სმ-მდეა. ფოთლის უბეში მათი გამოსვლის დროს წარმოიქმნება თხელყვავილიანი ყვავილედი-საყურე. ყვავილები - ერთსქესიანია, მცენარე-ერთსახლიანი. ნაყოფი ოვალური ფორმის რკო, სიგრძით 1,5-3,5 სმ, მურა ყვითელი, გრძივი, მომწვანო ზოლებითა და ქაცვებით წვეროზე.
მუხა ყვავილობას იწყებს 30-40 წლის შემდეგ, ცოცხლობს 400-500 წელი, ზოგიერთი მათგანი 1000-1500 წელიწადიდა აღწევენ დიამეტრით 4-მდე.
ყვავილობს აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში, ნაყოფი შემოდის სექტემბერ-ოქტომბერში.
მუხა საქართველოს ტყეებში ფართოდაა გავრცელებული, როგორც ფართოფოთლოვან, ისე შერეულ ტყეებში, ქმნის მუხნარებს. იგი სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. პირველ წლებში იზრდება ძალიან ნელა, 10 წლის მუხა მხოლოდ 1 მ-მდეა სიმაღლით.
აგროვებენ მუხის ქერქს აპრილიდან ივნისამდე, როდესაც უჯრედის წვენი ინტენსიურად მოძრაობს. გლუვი ქერქის მოსასხმელად წვრილ ღერებზე დანით აკეთებენ ღრმა წრიულ ნაჭდევს ერთმანეთისგან 30 სმ დაშორებით. შემდეგ, მათ აერთებენ ღრმა გრძივი ნაჭდევებით, შემდეგ აცლიან ქერქს დარაკის ან მილის სახით. ნედლეულს, თხელ ფენად გაშლილს ქაღალდზე ან ქსოვილზე, აშრობენ ფარდულებში, ან სხვენებზე, რომლებიც კარგად ნიავდება. ამასთან, ყოველდღიურად აბრუნებენ. გამშრალი ქერქი ხმაურით უნდა ტყდებოდეს. ინახავენ მშრალ ადგილებში ხუთი წლის განმავლობაში.
მუხის ქერქი შეიცავს 10-20 % გალოტანინებს, 13-14% პენტოზანებს, 6 % პექტინებს, ფლავონოიდ კვერციტინს, ლევულინს და სხვ. რკო შეიცავს 40 %-მდე სახამებელს, 5-8 % სათრიმლავ ნივთიერებებს, 5% ცხიმოვან ზეთს, ცილოვან ნივთიერებებს.
მუხის ქერქის ნაყენები გამოიყენება როგორც შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, გინგივიტების, ფარინგიტების დროს. განსაკუთრებით ეფექტურია მუხის ქერქის ნახარში (1:10). ამისათვის 20 გრ (2 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში, გააცივეთ 10 წთ, გადაწურეთ. მიღებული ნახარში გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ-მდე) მიღებამდე. ეს ნახარში გამოიყენება ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს გამოსავლებად 6-8-ჯერ დღეში. ასეთივე კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლის დენის, ნაწლავების ქრონიკული ანთების დროს. დალიეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ზოგჯერ ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად:
1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, აჩერებენ 6 სთ-ს, მიიღებენ 1/2 ჭიქას 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.