უპირველესი და ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება საკუთარი თავისთვის ვიღონოთ, ეს არის სიგარეტზე უარის თქმა.
დადებითი ცვლილებები თქვენს ჯანმრთელობაში მომენტალურად იჩენს თავს, რადგან სისხლძარღვები მუდმივი სპაზმებისგან განთავისუფლდება.
ზედმეტი წონა. არსებობს სხეულის მასის ინდექსი (სმი), რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გამოითვალოთ, თუ რამდენად სწორი წონა გაქვთ. თქვენი წონა უნდა გაყოთ სიმაღლეზე კვადრატში. თუ მიღებული ციფრი 25-მდეა, შეიძლება დავასკვნათ, რომ ნორმალური წონა გაქვთ; თუ 25-ზე მეტია, ეს სიმსუქნეა, ხოლო 30-ზე მეტი უკვე ძლიერი სიმსუქნეა. თუ ციფრი 20-ზე ნალკებია, ეს არასაკმარისი წონაა.
ზედმეტ წონასთან ბრძოლა ნაირნაირი დიეტებით არ ღირს. უფრო მთავარია პროდუქტების სწორად შეხამება, რაოდენობის ნელ-ნელა შემცირება, ვიდრე ხან შიმშილი და ხან კიდევ - ძღომაზე ჭამა. მეტი მოძრაობა და ნაკლები ჭამა - ეს გახდომის ყველაზე სწორი, საფუძვლიანი და ჯანმრთელი რეცეპტია.
წონაში დასაკლებად კარგია ეთერზეთების აბაზანები (თუ ალერგია არ გაქვთ). აბაზანაში ჩააწვეთეთ 4-5 წვეთი გრეიფრუტის, ან ფორთოხლის ეთერზეთი და ჩაწექით შინ 15 წუთი, თან აქტიურად იკეთეთ მასაჟი მასაჟის ხელთათმანით, ან პლასტიკის მასაჟორით.
სწორი კვება.
შემაცირეთ მარილის მოხმარება დღე-ღამეში 6 გრადუსამდე, თუ გულით დაავადების საშუალო რისკის ქვეშ იმყოფებით; ხოლო 3 გრამამდე - თუ რისკის ფაქტორი მაღალია. მლაშე საკვები აჩერებს სითხეს ორგანიზმში, ამაღლებს წნევას სისხლძარღვებში და აძლიერებს დატვირთვას გულზე. ჯობს მარილი უკვე მზა კერძს მოაყაროთ. კიდევ უფრო უკეთესია, თუ მარილის ნაცვლად წვრილად დაჭრილ ზღვის კომბოსტოს, კვლიავს, ნატურალური ვაშლის ძმარს გამოიყენებთ. უმარილო საჭმლის გემოს გაუმჯობესება შეიძლება მასში შტოშის, ლიმონის მჟავას, დარიჩინის, ოხრახუშის, კამის, ან ქინძის დამატებით.
გადადით გულის სპეციალურ დიეტაზე, აგრეთვე გამოიყენეთ ქოლესტერინის დაწევის პრინციპები.
ფიზიკური აქტიურობის გაზრდა. მაგრამ ზედმეტს ნუ მოინდომებთ. ზედმეტი დატვირთვა გულისათვის ისეთივე მავნეა, როგორიც უმოძრაობა. იზომეტრიული დატვირთვა (მაგალითად, სიმძიმეების აწევა) გულისათვის სასარგებლო არ არის. აი, ნებისმიერი აერობული კი ძალზე სასარგებლოა. იარეთ, ირბინეთ ძუნძულით, იცეკვეთ, იცურავეთ 30 წუთი. კვირაში 3-4-ჯერ და ნამდვილად იქნებით ჯანმრთელი.
იძინეთ აუცილებლად 8 საათი. დასაძინებლად 12 საათზე გვიან არ დაწვეთ (უკეთესია 10-11 სთ-ზე დაწოლა). ძილის ნაკლებობა ძალზრ უარყოფითად მოქმედებს გულზე. გაანიავეთ ოთახი ძილის წინ და ზედმეტად ნუ დაათბობთ. თუ ცივა, ჩაიცვით თბილი პიჟამა, დაიფარეთ თბილად, ოთახში კი აბანოს ნუ მოაწყობთ.
ნუ გაიჩერებთ ემოციებს სულის სიღრმეში დიდხანს. გაუზიარეთ ემოციები ახლობელ ადამიანს, მეგობრებს... და შეეცადეთ არ ინერვიულოთ, არ გაღიზიანდეთ ყველა წვრილმანზე. ნერვული სისტემა პირდაპირ დაკავშირებულია გულთან.
ალკოჰოლის შეზღუდვა.
გახსოვდეთ, რომ ორგანიზმისთვის პირობითად დასაშვები მაქსიმალური დოზა, ეს არის დღე-ღამეში 20-30 გრამი სპირტი. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ლუდთან, რადგან მისი რეგულარულად, ან დიდი რაოდენობით სმა იწვევს ძლიერ შესიებას. ისიც გახსოვდეთ, რომ თუ რამდენიმე დღე ლუდის სმისგან თავს შეიკავებთ და მერე ბევრს დალევთ და გგონიათ, რომ ეს ორგანიზმისთვის მავნე არ არის, ცდებით.
როგორც ვხედავთ, ცხოვრების ჯანსაღი წესი მრავალ ასპექტს მოიცავს, მაგრამ უმთავრესი ადგილი, როგორც პროფესიონალ მედიკოსთა აღიარებით, ასევე წმიდა მამათა მითითებით, ალკოჰოლსა და ნარკოტიკს უჭირავს. ადამიანთა მოდგმის ეს უსასტიკესი მტრები მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობას კი არ უქმნის გადაულახავ პრობლემებს, არამედ მთლიანად ყოფას, თვით სიცოცხლეს ემუქრება.
ერთმა ენამახვილმა ადამიანმა ამგვარად ჩამოაყალიბა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მიერ ადამიანისათვის გამზადებული "სიკეთეები": ეს ორი უერთგულესი "მეგობარი" და "თანაშემწე" გულდაგულ "ეხმარება" ადამიანს თავიდან მოიშოროს:
ოჯახი, შვილები, მეგობრები, ახლობლები, სამსახური, ფინანსური ურთიერთობები, საზოგადოების ნდობა და პატივისცემა.
გარდა ამისა, თანდათან მეთოდურად გამოიყვანოს მწყობრიდან:
ღვიძლი, თირკმელები, თავის ტვინის უჯრედები. არ ეხმარება მხოლოდ ერთ რამეში - პრობლემების თავიდან აცილებაში.
ამის შემდეგ თითოეულმა ზრდასრულმა, საღად მოაზროვნე ადამიანმა, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი ერთის მხრივ ამ "მეგობრებსა" და მეორე მხრივ, ღვთისათვის სათნო და მისაღებ ცხოვრების წესს შორის.