» » » როგორ მოვამზადოთ სწორი წესით მცენარეული სამკურნალო საშუალებები

როგორ მოვამზადოთ სწორი წესით მცენარეული სამკურნალო საშუალებები

მცენარეების მიღების უმარტივესი ფორმაა მათი საკვებად გამოყენება, რასაც ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ. ვჭამთ ოხრახუშს, კამას, პიტნას, რეჰანს, თალგამს, ნიორს და ხახვს სხვადასხვა საჭმელთან ერთად. საჭმლის მომნელებელი ტრაქტით ნივთიერებები ხვდება სისხლში და ამ გზით მთელ სხეულში ნაწილდება. სამკურნალო მცენარეებისგან მზადდება ჩაი, ნაყენი, ნახარში, აბები და სხვა.

ნაყენი
ნაყენი ისევე მზადდება, როგორც ერთი ფინჯანი ჩაი. იყენებენ მცენარის რბილ ნაწილებს - ფოთოლს, ღეროს და ყვავილს. სტანდარტული დოზის შემთხვევაში 25 გრ გამხმარ, ან 50 გრ ნედლ მცენარეს ასხამენ 600 მლ მდუღარე წყალს. რაოდენობის შეცვლა შეიძლება გემოვნების მიხედვით. შემთბარ ქოთანში ჩაყარეთ მცენარე, დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ და დააყენეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. ქრონიკული დაავადებების დროს დალიეთ ერთი ფინჯანი ჩაი დღეში სამჯერ. მწვავე ავადმყოფობის დროს დღეში ექვსჯერ. ნაყენი მაცივარში ძლებს 2 დღეს.
ლორწოს შემცველი მცენარეებიდან (მაგ. ლაშქარა) ნაყენი ასევე მზადდება, ოღონდ ცივი წყლით. ნაყენი კი უნდა დალიოთ ცხელი. საშარდე გზების დაავადებების დროს კი, როგორც გამონაკლისი, ნაყენი უნდა მიიღოთ ნელთბილი ან ცივი. ნაყენების მომზადებისას გემოვნებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, უნდა შეურიოთ სურნელოვანი მცენარეები: დიდი კამა, პიტნა, ცერეცო, ძირტკბილა, ბარამბო.

ნახარში
ნახარში გავს ნაყენს, მაგრამ მზადდება მცენარის მაგარი ნაწილებისგან - ქერქი, თესლი, ფესვი, ფესურა, კაკალი, რომლებიც სამკურნალო ნივთიერებებს მაღალ ტემპერატურაზე გამოყოფენ. დაფხვნილი და დაქუცმაცებული მცენარის ნაწილები ჩაყარეთ ქოთანში, დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. 25 გრ მცენარეს დაასხით 600 მილილიტრი მეტი წყალი.

ნაყენისა და ნახარშის გამოყენება
ზოგადად ნაყენი და ნახარში გამოიყენება თვალში ჩასაწვეთებლად, ყელში, პირის ღრუს გამოსავლებად, დასალევად და ლოსიონად.

სიროფი
სასმელად ბავშვებს ხშირად სიროფი ურჩევნიათ. სიროფს აძლევენ 2 ჩაის კოვზს დღეში 3-4-ჯერ, მოზრდილებისათვის დოზას აორმაგებენ.
ნაყენისა და ნახარშისგან სიროფი შემდეგნაირი წესით მზადდება:
600 მლ სითხეს დაუმატებთ 325 გრ შაქარს და გააცხელებთ შაქრის გადნობამდე. შეინახეთ მაცივარში.
ან: ნაყენი ან ნახარში აწონეთ, დაუმატეთ წონის ერთი მეოთხედი თაფლი, დადგით ნელ ცეცხლზე და ნარევის შესქელებამდე ურიეთ. ზედაპირზე წარმოქმნილი ქაფი მოხადეთ.
არსებობს სიროფის მომზადების სხვა წესიც: 600 მლ მდუღარე წყალი დაასხით 1,25 კგ ყავისფერ შაქრის ფხვნილს, გააცხელეთ შაქრის გადნობამდე და წამოადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და სამ წილ სიროფს დაუმატეთ 1 წილი ტინქტურა. სიროფი დიდხანს ინახება.

ტინქტურა
ტინქტურის მოსამზადებლად აიღეთ 1 წილი გამხმარი მცენარე, 5 წილი სითხე, ან 1 წილი ცოცხალი მცენარე და 2 წილი სითხე. მცენარეები ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით წყლისა და სპირტის ნარევი, გააჩერეთ 2 კვირა, ჭურჭელი ყოველდღე ანჯღრიეთ. შემდეგ სითხე უნდა დაიწუროს ყურძნის საწურით. მიღებული ტინქტურა ჩაასხით წარწერიან მუქი ფერის ბოთლში ან ქილაში და სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას შეინახეთ.
ტინქტურა უნდა დალიოთ 1 ჩაის კოვზი ცოტა წყალთან ერთად. ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ქრონიკული დაავადების დროს უნდა დალიოთ 3-ჯერ დღეში, მწვავე ფორმის დროს - 2 საათში ერთხელ. ტინქტურების შენახვა 2 წელიწადი შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მათი დამზადება დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე ჩაი, მას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია ჩაისთან შედარებით, კერძოდ დიდხანს ინახება და მიიღება მცირე დოზებით.

სანთლები
სანთლებით შეიძლება როგორც ადგილობრივი, ისე ორგანოთა სისტემების პრობლემების სწრაფად და უბრალოდ მკურნალობა. სანთლები შეაქვთ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სწორი ნაწლავიდან. მოქმედი ნივთიერება ლორწოვანი გარსის მეშვეობით შეიწოვება. სანთლები ადვილად მზადდება. გამხმარი მცენარეების ფხვნილს ურევენ კაკაოს გამდნარ ზეთში, ასხამენ ალუმინის ფოლგის ფორმებში და აცივებენ. ინახება მაცივარში. სასურველია ერთდროულად სანთლების დიდი რაოდენობით დამზადება.

აბები და კაფსულები
მცენარეული აბები და კაფსულები, მცენარეული წამლები და დიეტური პროდუქტები სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. კაფსულების და აბების დასამზადებლად საჭიროა სპეციალური ხელსაწყო.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.