კამა ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ქოლგისებრთა ოჯახიდან. წამლის დასამზადებლად იყენებენ კამის თესლს და ბალახს. კამის თესლი შეიცავს კაროტინს, შაქარს, ცხიმოვან მჟავებს, ფლავონოიდებს და სხვადასხვა მჟავებს.
სასარგებლო ნივთიერებების ასეთი ფართო სპექტრის გამო, მას იყენებენ ჰიპერტონული დაავადების, გულის რითმის დარღვევის, მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს და აგრეთვე როგორც სპაზმოლიზური შარდმდენ და ამოსახველებელ საშუალებას. კამის თესლი და ბალახი გამოიყენება აგრეთვე კოსმეტოლოგიაში კანის დაავადებების დროს.
გამოსაყენებლად ვარგისია ისეთი თესლი, რომელსაც მკვეთრი ყავისფერი აქვს. მწვანე თესლს სამედიცინო ღირებულება არა აქვს.
კამის თესლის ნაყენი სტენოკარდიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის
ინგრედიენტები:
- 7-10 გრ კამის თესლი
- წყალი - 300 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 1 სთ. მოხმარების წინ გავწუროთ. მივიღოთ 100 მლ 3-ჯერ დღეში.
კამის თესლის ნაყენი უძილობის დროს
ინგრედიენტები: - 10 გრ კამის თესლი
- წყალი - 200 მლ
- თაფლი - 10 გრ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი. დავაყენოთ ოთახის ტემპერატურაზე 1 სთ. დალევის წინ გავწუროთ.
მივიღოთ 10 მლ თაფლთან ერთად დღეში ერთხელ - ძილის წინ.
კამის თესლის ნაყენი ლაქტაციის გასაძლიერებლად
ინგრედიენტები: - კამის თესლი - 10 გრ
- წყალი - 200 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი. დავაყენოთ ოთახის ტემპერატურაზე 2 სთ-ით.
მივიღოთ 100 მლ დღეში 2-ჯერ ან 10 მლ 5-6-ჯერ მცირე ულუფებით (მაშინვე არ გადავყლაპოთ).
კამის თესლების ნაყენი მეტეორიზმის დროს
ინგრედიენტები: - კამის თესლი - 20 გრ
- წყალი - 40 მლ
მომზადების წესი:
დავჩეჩქვოთ დანით, დავასხათ წყალი (ცხელი), მჭიდროთ დავახუროთ და გავაჩეროთ 10 წთ. მიღების წინ გავწუროთ. მივიღოთ 100 მლ 3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე.
მატონიზირებელი ნახარში კამის თესლით
ინგრედიენტები: - ჟოლოს ფოთლები - 10 გრ
- მოცხარის ფოთლები - 10 გრ
- სვიის გირჩები - 10 გრ
- დაფქვილი კამის თესლი - 10 გრ
- გამხმარი და დაქუცმაცებული ვაშლის კანი -10 გრ
- წყალი - 1 ლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი, საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 10 წთ.
მივიღოთ 200 მლ 2-ჯერ დღეში - დილას საჭმლის მიღებამდე და საღამოს ძილის წინ.
კამის თესლის ნახარში თვალების გამოსარეცხად
ინგრედიენტები: - კამის თესლი - 5-7 გრ
- წყალი - 400 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე 10 წთ. გადმოვდგათ, კარგად შევანჯღრიოთ და გავაციოთ. გრილი ნახარში ჩავასხათ თასში. თვალი გამოვირეცხოთ ბამბის ან დოლბანდის ტამპონით. ნახარში ყოველ ჯერზე ახალი გავაკეთოთ.
ნახარში შეიძლება კომპრესის მიზნითაც გამოვიყენოთ: ნახარშში გაჟღენთილი დოლბანდი დავიდოთ თვალებზე და ზემოდან პირსახოცი დავიფაროთ, გავაჩეროთ 20 წთ.
კამის თესლის ჩაი
ინგრედიენტები: - კამის თესლი - 5-7 გრ
- წყალი - 200 მლ
მომზადების წესი:
ნედლეული დანით დავაქუცმაცოთ, დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი. გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე თავდახურული 5-10 წთ. მივიღოთ 250 მლ 3-ჯერ დღეში.