განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდეთ კვებას. იგი უნდა იყოს საღი და ვიტამინებით მდიდარი. მიირთვით სალათები, მცენარეული ჩაი, განსაკუთრებით იხმარეთ ჭინჭარი, ბაბუაწვერას ფოთლები, წიწმატი, რეჰანი, ოროვანდი, ქინძი, ოხრახუში. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მცენარეები მდიდარია რკინით.
ორგანიზმში კალციუმის დონის მატებისათვის გამოიყენეთ შვიტა, შვრია, მრავალძარღვა, მუზარადა, გვირილა, კიტრისუნა, ჭინჭარი.
სასიცოცხლო ენერგიის აღსადგენად, ნერვული სისტემის გასამაგრებლად გირჩევთ დალიოთ ჩაი, რომელიც უნდა დაამზადოთ შემდეგნაირად: აიღეთ ერთნაირი რაოდენობით ველური შვრია, მუზარადა, კოჭა, ცოცხანა, ანგელოზა, კარგად აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე 1 ჭიქა წყალი, 10-15 წუთის შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ ერთი ფინჯანი 3-6-ჯერ დღეში. თუ ამ ნარევს მიუმატებთ ცოტა ძირტკბილას, იგი ჩაის მისცემს გემოს და დადებითად იმოქმედებს თირკმელზედა ჯირკვალზე.
დაძაბულობის, შიშისა და დაღლილობის მოსახსნელად კარგია თბილი აბაზანის მიღება. აბაზანაში დაამატეთ ნემსიწვერას, ვარდის, ხარისძირას ზეთების 4-5 წვეთი. რეკომენდებულია ვარჯიშები, განსაკუთრებით სუნთქვითი.
მცენარეები რძის მოსაყვანად.
რძის რაოდენობის გაზრდისთვის უძველესი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა მცენარე. ამ მცენარეებს ეკუთვნიან: კიტრისუნა, ძიძას ბალახი, კამა, ნიორი, ცერეცოს თესლი, დარიჩინი, ჟოლო, ხეპილპილა, ჭინჭარი, ცოცხანა.
კვლიავი შეიძლება დაუმატოთ საჭმელს. კარგ ეფექტს იძლევა ჟოლოს ფოთლები თაფლთან ერთად, რასაც უნდა დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი კოჭას, დარიჩინისა და მიხაკის წმინდა ფხვნილი.
ცერეცო, კვლიავი, დარიჩინი და კამა ხსნის დაჭიმულობას, კუნთების კრუნჩხვას. კიტრისუნა გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. ხეპილპილას თესლი მოქმედებს ჰიპოფიზზე და აწესრიგებს პროლაქტინის გამოყოფას. სწორედ პროლაქტინი აპირობებს დედის რძის წარმოებას.
მსუბუქ ინფექციებს - ხველებას, გაცივებას, ასევე მონელებას შველიან ისეთი მცენარეები, როგორიცაა პიტნა, ფარსმანდუკი, ბარამბო, დიდგულა, ნიორი, ლავანდი, ბეგქონდარა, როზმარინი და გვირილა. ამ მცენარეების ჩაი სარგებლობას მოუტანს, როგორც დედას, ისევე შვილს.
რძის მოდინებას ხელს უწყობს ცერეცოს, ნემსიწვერას, ხარისძირას ეთერზეთები.
ძუძუს თავების მოსაწესრიგებლად კარგია ძუძუს რბილი მასაჟი, რისთვისაც გამოიყენებთ ცერეცოს, ნემსიწვერას ან ხარისძირას ეთერზეთების 10 წვეთსა და ნუშის ზეთის 20 მლ. ამ ნარევით წრიული მოძრაობით რბილად დაიზილეთ თითოეული ძუძუ.