უპირველესი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს ქალმა მშობიარობამდე, ეს არის მცენარეების სწორი გამოყენება. ზოგი მცენარე ამსუბუქებს სამშობიარო ტკივილებს, ეს მცენარეა ჟოლო. ჟოლო უნდა დალიოთ მესამე თვის შემდეგ ერთხელ დღეში ყოველდღე. მეექვსე თვის შემდეგ 3-ჯერ დღეში ყოველდღე, ნაყენის სახით. ამ ნაყენს შეიძლება დაამატოთ პიტნა, დიდი კამა, ბარამბო და როზმარინი. ბოლო თვეებში ჩაიში ჩაამატეთ ცოტა კოჭა. ეს ნარევი მშობიარობამდე უნდა სვათ 1 ფინჯანი ყოველ საათში. 6 ან 7 კვირის განმავლობაში ორსულმა უნდა დალიოს ჟოლოსთან ერთად შავბალახა. ეს ნარევი იწვევს მენჯის მუსკულატურის მოდუნებას და ელასტიურობის გაზრდას, ამაგრებს გულის კუნთს.
დაღლილობის მოსახსნელად შეიძლება დაუმატოთ ისეთი მცენარეები, რომლებიც ამშვიდებენ ნერვებს და აძლიერებენ თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციას. ეს მცენარეებია: ჟენშენი, კოჭა, მუზარადა, ცოცხანა, კიტრისუნა, ძირტკბილა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მცენარეები მაღალი წნევის დროს არ ენიშნებათ, მათ ნაცვლად შეიძლება მიიღოთ შავბალახა ან დარიჩინი.
მშობიარობისათვის მომზადებისას კარგია მუცელზე შეიზილოთ განზავებული ეთერზეთები. კარგია ვარდის ზეთი. ლავანდის ზეთს გამაწონასწორებელი ეფექტი აქვს. ზოგი ქალი პროჟესტერონის დონის დაქვეითების გამო მშობიარობის წინ განსაკუთრებით დეპრესიულია. ამ დროს კარგია ვარდი, ლავანდი, ნემსიწვერა, მიხაკი, ჯავზი, გვირილა.
აი რას ურჩევს დავით ბაგრატიონი ორსულ ქალებს: "ვაშლის, ბიის და უდის (ალოეს წვენის ნახარში შაქრით ან თაფლით) შარბათი ასვან და ამ შარბათშიგან მუშკი, ამბარი, ნიგვზის გული და ჯავზიცა გაურიონ და ისე შარბათად ქნან და მუდამ შარბათი ასვან".
საჭმელებიდან ორსულ ქალებს ურჩევენ წმინდა პურის ჭამას, ვარიის და გარეული ხოხობის ხორცს, კაკაბისა და დურუჯის ხარშოებს, შეზავებულს ისრიმით, ან კოწახურით, ან მოცხარით, ან თუთუბოთი. ხილიდან ორსულმა უნდა ჭამოს ვაშლი, კომში, ბროწეული, მომჟავო ხილი, მწვანილიდან პიტნა, ტარხუნა და ქინძი.
ორსულმა ქალმა არ უნდა ჭამოს მუხუდოს შეჭამადი, ასევე ლობიოს შეჭამადი, მწვანილებიდან ნიახური, ცერეცო, კამა და შირბახტი. ორსულმა ქალმა არ უნდა ჭამოს ძალიან ტკბილი საჭმელი, ყურძნისა და ჩამიჩის გარდა.
როგორც საქართველოში, ასევე მალაიზიაში სამშობიაროდ მოსამზადებელ საჭმელს უმატებენ ჯავზს, რომელიც საშვილოსნოს მუსკულატურას აძლიერებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჯავზის დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს ჰალუცინაციებს და აღძრავს ტკივილებს. ამიტომ ორსულობის პირველ თვეებში მისი მიღებისგან თავი შეიკავეთ.
ორსულობის ბოლო კვირაში შეიძლება 2-3 ფინჯანი მიხაკის ჩაის დალევა ყოველ მე-2 დღეს. ( 1 ყავის ჭიქა მიხაკი ერთ ლიტრ წყალზე). მიხაკს ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედება აქვს. მშობიარობამდე ორი კვირით ადრე 2 წვეთ მიხაკის ზეთს ხსნიან ზეითუნის ზეთში და ქვედა მუცლის მასაჟისათვის ხმარობენ.
სალბი, როგორც პრენატალური ტონიკური საშუალება, შეიძლება ჩაუმატოთ საჭმელში ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე 2-3 -ჯერ ნაყენის სახით სვათ.