ამისათვის დაგჭირდებათ: ბურღი, თაბაშირი, წებო ემულსია, წყალი, ჯამი, გაზეთი, ბურღულეული და ლაქი.
აიღეთ ნებისმიერი მოცულობის სათლი. კარგად გარეცხეთ, მოაშორეთ ჩამხმარი საღებავი და წარწერები. თუ წარწერების მოცილებას ვერ ახერხებთ, დატოვეთ. გარეცხილი, მშრალი სათლის ძირზე გააკეთეთ წყლის გასასვლელი რამდენიმე სადრენაჟო ხვრელი, რომლისათვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრო ბურღი ან მჭრელი დანა.
დასადგამი ქოთნის შემთხვევაში, სათლს მოაცილეთ სახელური. ჯამში ჩაასხით 2 წილი წყალი, 1 წილი წებო ემულსია და დაუმატეთ 1 წილი თაბაშირი. კარგად აურიეთ. გაზეთი დახიეთ საშუალო ზომის ნაკუწებად, რომლებიც სათითაოდ უნდა დაასველოთ ხსნარში და დააწებეთ სათლს. თავდაპირველად დააწებეთ თავსახურის შესქელებული ადგილის ქვედა ნაწილში.
ღრუების ამოსავსებად შეგიძლიათ გამოიყენოთ სადგისი. გაზეთის ნაკუწები ერთროულად არ ჩააწყოთ ხსნარში დასასველებლად, რადგანაც გაგიჭირდებათ მათი განცალკევება. თავსახურის ადგილის შემოწებების შემდეგ დაიწყეთ სათლის ზედაპირის წებოში დასველებული გაზეთით 3-4 ფენად დაფენვა, რათა გაათანაბროთ რელიეფი ან სულაც გაუკეთოთ ბორცვაკები. ამ პროცედურას ესაჭიროება დაახლოებით 1-2 საათი, რის შემდეგაც სათლი უნდა დატოვოთ გასაშრობად 3-4 დღის განმავლობაში.
დათქმული პერიოდის გასვლის შემდეგ იწყება ყველაზე "გემრიელი" სამუშაო. სათლი შეგიძლიათ: შეღებოთ, მიაწებოთ სხვადასხვა სახეობის ბურღულეული, მაკარონის ნიჟარები, ქვიშა, დეკორატიული თვლები ან დააწებოთ ცარცის ქაღალდის ჟურნალის ყდები, რომლებსაც საბოლოო იერსახისთვის გადავუსვამთ 2-3 პირ ლაქს. ამ შემთხვევაში გამოყენებულია: წიწიბურა, ფეტვის ბურღული და კანაფის თოკები.
საღებავის სათლის მსგავსად შესაძლებელია უბრალო თიხის ქოთნის გაფორმება სხვადასხვა მარცვლოვნებითა და ბურღულეულით. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თუ მზა ნახელავში დააპირებთ მიწის სუბსტრატის ჩაყრას, შესაძლოა სინესტემ დააზიანოს ქოთნის გარეთა იერსახე, ამიტომ კომპოზიციის შესრულებამდე, უმჯობესია თუ თიხის ქოთანს წინასწარ შიგნითა მხრიდან შეღებავთ 2-3 პირი ზეთოვანი საღებავით ან მზა ნაწარმს გამოიყენებთ სხვა ქოთნის ჩასადგმელად.
მოცემული ნიმუშის შესასრულებლად დაგჭირდებათ: წებო, ემულსია, ფუნჯი, ორნამენტების დასახატი ქაღალდი ან მზა სურათი, გადასაყვანი ქაღალდი, მარცვლოვნები და ბურღულეული.
ქოთანს შემოახვიეთ ორნამენტებიანი ქაღალდი, რომლის ძირშიც იქნება გადასაყვანი ქაღალდი და შემოატარეთ ფანქარი. ორნამენტების ან კონკრეტული ესკიზის დამთავრების შემდეგ, მოხსენით ორივე სახის ქაღალდი და დაიწყეთ ეტაპობრივად წებოს წასმა.
ბურღულეული ან მარცვლოვნები დააწებეთ გემოვნებისამებრ.
დაწებების დამთავრების შემდეგ ნახელავი დატოვეთ 1-2 დღე გასაშრობად, რის შემდეგაც შეგიძლიათ გადაუსვათ ლაქის 2-3 ფენა, თუმცა მის გარეშეც არაჩვეულებრივია.