როცა მეგობარი ახალი, გემრიელი სალათის რეცეპტს მიყვება, ვეკითხები: მაიონეზით თუ მის გარეშე? თქვენც შეამჩნევდით, რომ ყველაზე შეუთავსებელ პროდუქტსაც კი ვაზავებთ მაიონეზით და ვარქმევთ კერძს, რომელიც ყველას ძალიან მოსწონს. სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ იმდენად ხშირად ვიყენებთ ამ სოუსს, რომ მის სარგებლობაზე არასდროს არავის უფიქრია.
ამჯერად, რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ სტაფილოს სალათს, რომლითაც თქვენ უარს იტყვით მაიონეზზე და მხარს დაუჭერთ ჯანსაღ საკვებს. სალათის მომზადებას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.
ინგრედიენტები- 4 ც სტაფილო
- 5 ც კვერცხი
- 2 კბილი ნიორი
- 1-2 ს.კ. არაჟანი
- მარილი გემოვნებით
მომზადება- მოხარშეთ კვერცხი.
- უმი სტაფილო და კვერცხი დახეხეთ.
- დაჭყლიტეთ ნიორი.
- შეურიეთ ინგრედიენტები, მოაყარეთ მარილი და გემრიელად მიირთვით.
ვიღაც იტყვის, რომ ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ჩვენ ეს სალათი იმდენად მოგვეწონა, რომ მაიონეზს, ალბათ, დღეიდან არაჟნით სხვა სალათებშიც ჩავანაცვლებთ. თუ დიეტაზე ხართ და ჯანსაღი მენიუს შემუშავება გსურთ, ეს სალათი თქვენთვის სწორედ მონაპოვარია.