დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ საწოვრების, პატარის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე მისი გავლენის შესახებ, ასევე, გაგაცნობთ ცნობილი პედიატრის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
საწოვარა ახალშობილისთვის
წოვის რეფლექსი ბავშვს უკვე პირველივე დღეებიდან უჩნდება. როცა მშობლები პატარა სასწაულს უყურებენ, ამჩნევენ, რომ კარგად შეხვეული ბავშვიც კი ტუჩებით წოვის მოძრაობებს აკეთებს. ერთნი ამას აღიწვამენ, როგორც სიგნალს საწოვარას მისაცემად, მეორენი კი საწოვარას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ბავშვი განუწყვეტლად ტირის.
წოვის პროცესი ღლის და ადუნებს პატარას, ამიტომ იძინებს იგი სწრაფად. თუმცა, მეძუძური ბავშვისთვის ყოველ ჯერზე საწოვრის პირში ჩაჩრა, როცა მისი დამშვიდება გსურთ, უბრალოდ ძალას აცლის ბავშვს. როცა მას ჭამა მოუნდება, იგი უარს იტყვის დედის რძეზეც კი, რადგან იღლება წოვით.
სტომატოლოგები აცხადებენ, რომ საწოვარას არაფორმირებული გემო ცუდად მოქმედებს და ადეფორმირებს კბილებს. სწორედ ამიტომ, მოერიდეთ სპეციალური გემოს მქონე საწოვარას.
შეშფოთებას იწვევს საწოვარას არაჰიგიენურობაც. უბრალოდ წარმოიდგინეთ, დღეში რამდენჯერ ვარდება ძირს ან ბინძურ ზედაპირს ეხება, რამდენი მიკრობი ან ჩვეულებრივი მტვერია მასზე! "მზრუნველი" მშობლების სასწაული ჩვევა - საწოვარას ალოკვა მანამ, სანამ ბავშვს მისცემდეს?! მერე უკვირთ, რატომ ემართებათ ბავშვებს ათასი დაავადება.
თუ ბავშვს არ გადააჩვევთ საწოვარას თავისი ცხოვრების პირველი ნახევარწლედის შემდეგ, მისი ფსიქიკური განვითარება შენელდება. საქმე ისაა, რომ წოვითი რეფლექსი დომინირებს მოძრაობის სურვილზე. ბავშვი გვიან დაიწყებს სამყაროს აღქმასა და ხმების გათავისებას, თუ მისი პირი დაკავებული იქნება საწოვარათი.
პედიატრები არ კრძალავენ საწოვარას გამოყენებას, თუ მშობლები გონივრულად მოიქცევიან. მაგალითად, ექიმი კომაროვსკი ამბობს შემდეგს:
-"თუ საწოვარასგან კულტს არ ჩამოაყალიბებთ, იგი არავის ავნებს. იგი ანეიტრალებს ბავშვის წოვის რეფლექსს და დედას საშუალებას აძლევს, დაკავდეს თავისი საქმეებით. თუ საწოვარიანი ბავშვი მშვიდდება და მშობლებს დასვენების საშუალებას აძლევს - ეს ძალიან კარგია. მთავარია, არ მისცეთ საწოვარა ბავშვს სიცოცხლის პირველივე დღეებში, რადგან ამ დროს იგი ძუძუს უნდა წოვდეს. სწორედ ეს განაპირობებს ნორმალურ ლაქტაციას. საწოვარა უნდა მისცეთ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი საკმარისი ოდენობის რძეს იღებს დედის ძუძუთი."
დაახლოებით 5 თვეში, როცა წოვითი რეფლექსი მშვიდდება, მშობლებს უჩნდებათ კითხვა - როგორ გადააჩვიონ ბავშვი საწოვარას? ამის დაყოვნება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ეტაპზე მშობელთა უმრავლესობას უჭირს ბავშვის გადაჩვევა - ბავშვი ხომ პრეტენზიულდება, არ უნდა საყვარელ "სათამაშოსთან" განშორება და მოუსვენრად სძინავს.
ეცადეთ, შეამციროთ ბავშვისა და საწოვარას ურთიერთობის დრო თანდათან. ააცალეთ საწოვარა, როცა ბავშვი დაიძინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი საერთოდ აღარ დაიძინებს ან ხშირად გაიღვიძებს მოგვიანებით, თუ საწოვარა გადმოუვარდება პირიდან. როცა ბავშვი დამშვიდდება, ეცადეთ მისი "განიარაღება", შეუმჩნევლად საწოვარას გამორთმევა. მოიკრიბეთ მოთმინება და მალე ბავშვი გადაეჩვევა სატყუარას.
მშობლები თვითონ წყვეტენ, უნდა გამოიყენონ თუ არა საწოვარა. მთავარია, გამოავლინოთ მოთმინება და მზრუნველობა ბავშვის მიმართ, მაშინ მიხვდებით, რა უნდა: დალევა, ჭამა თუ წოვითი რეფლექსის დაკმაყოფილება.
თუ საწოვარა აუცილებელია, შეიძინეთ მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი. უმჯობესია, შეარჩიოთ სილიკონის ორთოდონტული საწოვარა. იგი არ ქმნის დისკომფორტს, უფრო დიდხანს გემსახურებათ და არ იწვევს ალერგიას, როგორც ლატექსისა. ხოლო როგორი საწოვარა დასჭირდება კონკრეტულად თქვენს ბავშვს - ამას მხოლოდ ექიმი თუ გირჩევთ.