ოსტეოქონდროზი ხერხემლის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება უპირველესად მალებშუა დისკოები კისრისა და წელის არეში. დაავადების სიმპტომები: შებოჭილობა, შეზღუდული მოძრაობები, ყრუ ან მკვეთრი ტკივილები შესაბამის არეში. კისრის არის ოსტეოქონდროზის დროს შეიძლება დაირღვეს სისხლის მიმოქცევა. ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია გართულების შეტევითობა მისი პოვოცირება შეუძლია გაცივებას, გაცივებით გამოწვეულ დაავადებებს, სიმძიმის აწევას, მკვეთრ მოძრაობას ხანგრძლივად ყოფნას ფიქსირებულ პოზაში და მრავალ სხვა ფაქტორს. დაავადებასთან საბრძოლველად ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგს:
- დააქუცმაცეთ საშუალო ზომის ბოლოკი, გამოწურეთ წვენი. აურიეთ თანაბარი რაოდენობის ღვინოში, შედგით ცეცხლზე და ააორთქლეთ მანამდე, სანამ თხელ ხაჭოს არ დაემსგავსება ჯერ კიდევ თბილი მასა თანაბრად გაანაწილეთ ქსოვილზე ან რამდენიმე ფენა დოლბანდზე და დაიდეთ კომპრესი მტკივან ადგილზე.
- აიღეთ ღვიის წიწვების 1 წილი, აურიეთ 6 წილ დაფნის დაფქვილ ფოთოლში. მიღებული ნაზავი 12 წილ კარაქში აზილეთ, მალამო მტკივნეულ ადგილზე შეიზილეთ და ნაჭერით შეიკარით.
- გამოწურეთ ნიორი, 1 სუფრის კოვზი მასა გახსენით 0,5 ლიტრ არაყში ან კონიაკში. ამ ესენციით დაიზილეთ საფეთქლები და შუბლი დღეში რამდენჯერმე.
- 2-3 მმ სისქის საზამთროს კანი ღუმელში გამოაშრეთ. შემდეგ ყავისა საფქვავში გააფხვიერეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი, დღეში 2-3-ჯერ. გაითვალისწინეთ, რომ საზამთროს ქერქი ძლიერ შარდმდენი და მარილების ძლიერი გამომდენი საშუალებაა. მისი მოქმედება სისხლში კალციუმის დაქვეითებას იწვევს, რაც გულის ნორმალურ მუშაობას არღვევს. ამის გამოსარიცხავად საზამთროს ფხვნილთან ერთად მიიღეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც კალიუმის დიდ რაოდენობას შეიცავენ: ჭერამი, შავი ქლიავი, ქიშმიში, კაკალი, თაფლი.
- საღამოს ხანს ოხრახუში ხორცსაკეპში გაატარეთ. მიღებული მასით პირამდე გაავსეთ ერთი ჩაის ჭიქა, მინის ან მომინაქრებულ ჭურჭელში გადაიღეთ და 2 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით. ჭურჭელს ნაჭერი შემოაკარით და დილამდე დადგით. დილით ნაერთი 3-4 ფენა დოლბანდში გადაწურეთ და სითხეს ერთი საშუალო ზომის ლიმონიდან გამოწურული წვენი დაასხით. სითხე მიიღეთ 2 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ ჭიქის მესამედი. სამი დღე დაისვენეთ და შემდეგ კვლავ გააგრძელეთ მკურნალობა მანამ, ვიდრე ტკივილები არ მოგეხსნებათ.
- აიღეთ მოცვისა და ასკილის ფოთლების თანაბარი რაოდენობა - ერთი პორციისთვის ნახევარი ჩაის კოვზი თითოეული, ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში, დაასხით ადუღებული წყალი და 2-3 წუთით ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. 30 წუთი დააყენეთ, გაწურეთ და მთელი დღის განმავლობაში პატარა ყლუპებით მიიღეთ.
- ჭიქანახევარი გახეხილი ბოლოკი 1 ჭიქა თაფლში შეურიეთ და ნაზავს ნახევარი ჭიქა არაყი დაასხით. მიღებული მასა კარგად ათქვიფეთ. ნაზავი დალიეთ ძილის წინ ერთი სუფრის კოვზით. შეგიძლიათ აგრეთვე მტკივანი ადგილი წამლით დაიზილოთ. ამით თქვენ ერთდროულად ოსტეოქონდროზის შეტევისგანაც განთავისუფლდებით და უძილობაც მოგეხსნებათ.
- დილით ასეთი ვარჯიში აკეთეთ - კისრის მოძრაობით ჰაერში დაწერეთ მაქსიმალური სიდიდის ციფრები 1-დან 10-მდე, შემდეგ უკან თვლით ჩამოყევით.