» » » დაამზადეთ საკუთარი ხელით ორიგინალური მინიმთვრალი ქოთნები

დაამზადეთ საკუთარი ხელით ორიგინალური მინიმთვრალი ქოთნები

მცირე ზომის, სახალისო მთვრალი ქოთნების დასამზადებლად დაგჭირდებათ: 1 ცალი საშუალო და 3 ცალი პატარა თიხის ქოთანი, სპირტი, ჩვარი, საღებავი აეროზოლი (ყვითელი, ლურჯი, თეთრი და წითელი), ცხელი სილიკონის წებო, თეთრი აკრილის საღებავი, ღრუბელი, რიყის ქვები ან კენჭები, ქეჩა, მაკრატელი, ღრუიანი რკინის მილი, საყვავილე ქოთნის ქვესადგამი, არმატურის ნაგლეჯი, სასურველი მიწის სუბსტრატი, მწვანე სახეობები, მცირე ზომის ბარი და დეკორირებისთვის, წვრილ ჯოხზე დამაგრებული ფუტკრის აპლიკაცია.
სამუშაოს დაწყების წინ ოთხივე ქოთანი და ქვესადგამი გაასუფთავეთ, გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით, გააშრეთ, სათითაოდ შეღებეთ სხვადასხვა ფერის საღებავი აეროზოლით და დაელოდეთ სრულ შრობას.
ღრუბლისაგან გამოჭერით წრე, დაასველეთ თეთრი ფერის აკრილის საღებავში, თითოეულ ქოთანზე დახატეთ წრეები და გააშრეთ.

საშუალო ზომის საყვავილე ქოთნის ცენტრში ცხელი სილიკონის წებოთი მყარად დააწებეთ წრიული რკინის მილი, ქოთანში ჩაყარეთ რიყის ქვები ან კენჭები, შეავსეთ სასურველი მიწის სუბტრატით და ჩარგეთ მცენარეები.
იმ შემთხვევაში, თუ საყვავილე ქოთნის სადრენაჟო ხვრელი შედარებით მცირე ზომისაა და მას ვერ აცმევთ კონსტრუქციას, მაშინ სადრენაჟო ხვრელში წრიულად, რამდენჯერმე დაატრიალეთ არმატურის ნაგლეჯი და ხვრელიც გაფართოვდება.
უკვე მზა კონსტრუქციას ჩამოაცვით მცირე ზომის ქოთანი, მიეცით დაქანება, სადრენაჟო ხვრეთან ჩაფინეთ თექის მცირე ზომის ნაჭერი, ჩაყარეთ სადრენაჟო ფენა, მიწის სუბსტრატი და ჩარგეთ მცენარეები.

სამუშაოს დასასრულს, წრიული მილის ყელთან, 2-3 სმ-ის მოშორებით, ორმხრივად, ცხელი სილიკონის წებოთი დააწებეთ საყვავილე ქოთნის ქვესადგამი, ხოლო არსებული მილის ღრუში ჩასვით წვრილ ჯოხზე დამაგრებული ფუტკრის აპლიკაცია და მინიმთვრალი ქოთნებიც მზად არის ინტერიერის დეკორირებისთვის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.