უნდა აღინიშნოს, რომ ანომალური ნუკლეიტიდების ჯგუფის პრეპარატები ჰერპესის ვირუსზე მოქმედებენ მხოლოდ მაშინ, როცა ვირუსი აქტიურ მდგომარეობაშია. უკეთესი რეზულტატის მიღების მიზნით სასურველია მკურნალობა დაიწყოს პირველადი დაინფიცირების ეტაპზე, კერძოდ ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 72 სთ-ში, რაც სამწუხაროდ, ნაკლებ მოსალოდნელია. ამიტომ მეცნიერები კვლავ განაგრძობენ ჰერპესის ვირუსის საწინააღმდეგო უფრო სრულყოფილი საშუალებების ძიებას.
ჰერპესის ზოგიერთ ფორმას (მაგ: ჰერპეზოსტერი) თან ახლავს ძლიერი ტკივილი, ამიტომ საჭირო ხდება ტკივილდამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენება, ესენია-ანტიჰისტამინები, ანალგეტიკები, ტრანკვილიზატორები, საძილე პრეპარატები. მაგრამ, როგორც ავღნიშნეთ, ყველაზე ეფექტური საშუალება ჰერპესული ინფექციის მკურნალობაში არის აციკლოვირი, ვალაციკლოვირი და ფამციკლოვირი, რომლებიც სწრაფად ახდენენ გამონაყარის ლიკვიდირებას, აჩერებენ ვირუსის გავრცელებას და ხსნიან მწვავე ტკივილებს. გარდა ამისა, ეს წამლები აფერხებენ ჰოსტჰერპესული ნევრალგიის განვითარებას.
აუცილებელია დავიცვათ კანის დაზიანებული უბნები სუპერინფექციისგან. ამ მიზნით გამოიყენება მადეზინფიცირებელი ხსნარები და მალამოები (მათ შორის ბრილიანტის მწვანე). ყოვლად დაუშვებელია თვითმკურნალობა -ჰერპეს-ზოსტერი საკმაოდ სერიოზული ინფექციაა და აუცილებლად მოითხოვს ექიმის ჩარევას. პოსტჰერპესული ნევრალგიისას ინიშნება წამლების კომბინაცია, რომელიც ტკივილს ხსნის.
გენიტალური ჰერპესის დროს ინიშნება ანტივირუსული პრეპარატები შიგნით მისაღებად და მალამოები ( ოქსოლინის, ბონაფტონის ან ტებროფინის მალამო). ურეთრის დაზიანებისას რეკომენდებულია ურეთრაში ინტერფერონის ხსნარის წვეთობით შეყვანა, ეროზიების დროს - ინტერფერონის და დეზოქსირიბონუკლეაზის საფენები, მორეციდივე ჰერპესისას - ანტიჰერპესული ვაქცინა. უროგენიტალური ჰერპესის დროს სქესობრივი ცხოვრება, წყლულის სრულ შეხორცებამდე, არაა რეკომენდებული.