კორპის საცობების წარმოება დიდი ხნის წინ დაიწყო და იგი შეუცვლელია მეღვინეობაში, თუმცა ნუ იჩქარებთ უკვე გამოყენებული ღვინის საცობების გადაყრას. დღეისათვის სულ უფრო პოპულარულია კორპის საცობებისგან შექმნილი დასადგმელი, მაცივარზე ან კედელზე მისაკრავი, მინიატურული სუკულენტების ან კაქტუსების ბაღები.
მსგავი ბაღის შესაქმნელად დაგჭირდებათ: კორპის საცობები, ბასრი დანა, მაგნიტის პატარა ნაჭრები ან საკიდები, წებო, პატარა კოვზი სუბსტრატის ჩასაყრელად, მიწის სუბსტრატი და სუკულენტები.
კორპის საცობებს ბასრი დანით ამოჭერით შუაგულის 2/3 ნაწილი, გაასუფთავეთ, გვერდითა კედელზე წებოთი მიაწებეთ მაგნიტის ნაჭერი ან სამაგრი (დაკიდების ან დამაგრების შემთხვევაში) და დაელოდეთ წებოს სრულ შრობას.
უკვე მზა, კორპის ქოთნებში პატარა კოვზით ჩაყარეთ მიწის სუბსტრატი, ჩარგეთ სუკულენტები და მიამაგრეთ მაცივრის კარებზე ან ჩამოკიდებთ კედელზე.
კორპის საცობისგან თავდაყირა ქოთნის დასამზადებლად, ბასრი დანით საცობებს მთლიანად ამოაცალეთ შუაგული და ერთ-ერთ ბოლოში გაუკეთეთ ჩამოსაკიდი. წინასწარ გამოჭრილ, კორპის საცობის დიამეტრის პლასტმასის ფირფიტას ამოაჭერით შუაგული. სუკულენტის ფესვთა სისტემა გააძვრინეთ წრიული პლასტმასის შუაგულში. სუკულენტია წრიული პლასტმასისი კიდეებზე წაუსვით წებო და მიაწებეთ წინასწარ გამზადებულ კორპის საცობს. დაელოდეთ წებოს გაშრობას. დაახლოებით მეორე დღეს, კორპის საცობის თავდაყირა ქოთანში (ჩამოსაკიდებლის მხრიდან ) ჩაყართ სუბსტრატი, მორწყეთ და დაკიდეთ სასურველ ადგილას.
ზედმიწევნით დახვეწილ იერსახეს იძენს კორპის საცობებით დეკორირებული სხვადასხვა სახეობის მცენარეთა ჭურჭელი. მსგავსი დეკორირების განსახორციელებლად დაგჭირდებათ: ქოთანი, უხეში ზუმფარა, წებო "მომენტი" და უფერო ან ფერიანი ლაქი სურვილისამებრ.
წინასწარ გასუფთავებული ქოთნის კედლები გულდასმით დაამუშავეთ უხეში ზუმფარით და წებოს ეტაპობრივი დატანებით დააწებეთ კორპის საცობები სიმეტრიულად ან ასიმეტრიულად. საბოლოო ჯამში მიიღებთ სურათზე მოყვანილი ნიმუშების მსგავს ნახელავს.
კორპის საცობებით შეგიძლიათ არა, მხოლოდ საყვავილე ქოთნების დეკორირება, არამედ უბრალო და უსახური, ნებისმიერი მასალისგან დამზადებული ცილინდრებისაც, რომლებშიც შემდგომ მოათავსებთ საყვავილე ქოთნებს.
მსგავსი საყვავილე ქოთნის ჩასადგმელის დასამზადებლად დაგჭირდებათ: მაიონეზის ან არაჟნის 1კგ-იანი პლასტმასის ჭურჭელი, ქაღალდის წებოვანი ლენტი, კორპის საცობები, მჭრელი დანა და წებო.
სამუშაოს დაწყების წინ კორპის საცობები სათითაოდ ჩაჭერით სიგრძივად. პლასტმასის ჭურჭელს გარედან შემოახვიეთ წებოვანი ლენტი და წებო ემულსიით ან "მომენტით" მიაწებეთ სიგრძივად დაჭრილი კორპის საცობები. დაელოდეთ წებოს სულ შრობას, ხოლო შემდგომ ჩადგით მცენარიანი ქოთანი.