გარდა ამისა, მცენარეული წარმოშობის საკვებ პროდუქტებში, კერძოდ ბოსტნეულში, საკმაო რაოდენობით არის ორგანული მჟავები და ეთეროვანი ზეთები, რომლებიც კერძებისათვის გემოსა და არომატის მიმცემ საკმაზს წარმოადგენენ.
დღეს ერთ-ერთ ბოსტნეულის კერძს დავაგემოვნებთ.
ლობიოს გუფთა
ინგრედიენტები:
- ლობიო - 600 გრამი
- ხახვი - 100 გრამი
- ბრინჯი - 2 სუფრის კოვზი
- კომბოსტო - 1 ძირი
- ზეთი 1/2 ჩაის ჭიქა
- დაფნის ფოთოლი - 3 ცალი
- შავი პილპილი - 1 ჩაის კოვზი
- ქინძი - 2 სუფრის კოვზი
- მარილი - გემოვნების მიხედვით
დამზადების წესი:
ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივად. წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ორი კოვზი უმი, კარგად დანაყილი ბრინჯი და ავურიოთ. ავიღოთ თითო კოვზი ამგვარად მომზადებული ლობიოს მასა და შევახვიოთ მდუღარეში ამოვლებულ კომბოსტოს ფოთლებში. ჩავაწყოთ ქვაბში ან დავაწყოთ ტაფაზე. დავასხათ 1/2 ჭიქა ზეთი და მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ 3 ცალი დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანაყილი შავი პილპილი და მოვასხათ თავისივე ნახარში. ვადუღოთ 15-20 წუთის განმავლობაში. ბოლოს გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. შეიძლება ცოტა ძმარიც მოვასხათ.