დღეს მოვამზადებთ ძროხის ხორცის კატლეტს არაჟნით
ინგრედიენტები:
- ძროხის რბილი ხორცი - 1 კილოგრამი
- ხახვი - 100 გრამი
- ერბო - 150 გრამი
- ოხრახუში - 1/2 ძირი
- ორცხობილა - 6 ცალი
- კვერცხი - 2 ცალი
- არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა
- პურის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
- მარილი და შავი პილპილი - გემოვნების მიხედვით
დამზადების წესი:
ძროხის რბილი ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში; მასთან ერთად გავატაროთ ხახვი და ცოტა ოხრახუში, ჩავახალოთ კვერცხი, ჩავყაროთ დანაყილი ორცხობილა, მარილი და შავი პილპილი. ამგვარად შემზადებულ ხორცს მივცეთ კატლეტის ფორმა. ამოვავლოთ ორცხობილაში და შევწვათ გაცხელებული ერბოდასხმულ ტაფაზე. კატლეტები კარგად რომ შეწითლდება, დავაწყოთ დიდ თეფშზე, მაშინვე მოვასხათ არაჟნის საწებელი რომელიც კეთდება შემდეგნაირად:
კატლეტების შენაწვავ ცხელ ტაფაზე დავუმატოთ ერბო, ცოტა ხორცის ბულიონი ან წყალი, ფქვილი და ერთი კოვზი არაჟანი, ყველაფერი ეს ტაფაზე კარგად შევაწითლოთ. შემდეგ დავასხათ დარჩენილი არაჟანი, მოვურიოთ და მოვასხათ კატლეტებს მთლიანად.