» » » მდოგვის განსხვავებული და პიკანტური რეცეპტი ყურძნის წვენით

მდოგვის განსხვავებული და პიკანტური რეცეპტი ყურძნის წვენით

მდოგვი მოჰყავთ თესლისაგან ზეთის მისაღებად (სარეპტის მდოგვის თესლში 35-40% ზეთია, თეთრ მდოგვში — 25-34%), იყენებენ აგრეთვე პურის საცხობ, საკონდიტრო, საკონსერვო და საპარფიუმერიო მრეწველობაში. მდოგვის კოპტონისაგან მზადდება მდოგვის ქაღალდი და სუფრის მდოგვი. დღეს შევისწავლით სუფრის მდოგვის მომზადებას ყურძნის წვენით.

მასალად დაგჭირდებათ:
  • მდოგვის ფხვნილი - 300 გრამი
  • ოხრახუშის წვენი
  • ნიახურის წვენი
  • ნივრის წვენი - თითო სუფრის კოვზი
  • მჟავე სოკო - 12 ცალი
  • ყურძნის წვენი - 1 ჩაის ჭიქა
  • ძმარი - 3/4 ჩაის ჭიქა
  • მარილი - 1 სუფრის კოვზი

დამზადების წესი:

დანაყილი ოხრახუშის, ნიახურის და ნივრის გამონაწური და 12 ცალი დაჭრილი მჟავე სოკო ავურიოთ 300 გრამ მდოგვის ფხვნილთან. დავუმატოთ მცირეოდენი ნადუღი წყალი. ვლესოთ დიდხანს და თან დავასხათ 1 ჩაის ჭიქა ყურძნის წვენი ან ყურძნის ბადაგი (თუ არც ერთი არ გვაქვს, შეიძლება ერთი ჩაის ჭიქა შაქრის სქელი სიროფი). დავუმატოთ კიდევ ცოტა ნადუღი წყალი, ისე რომ მივიღოთ საშუალო სისქის ფაფა. ჩავასხათ მოზრდილ ქილაში და შიგ ჩავუშვათ ძალზე გახურებული დაუჟანგავი ლითონის ნაჭერი (დაახლოებით თითის სისქე). ლითონი გავაჩეროთ მდოგვის ფაფაში მანამ, სანამ არ გაცივდება. გახურებული ლითონი ანელებს მდოგვის ზედმეტ სიმწარეს და ახდენს ზედმეტი სითხის აორთქლებას, ლითონის ამოღების შემდეგ ქილაში ჩავასხათ 3/4 ჩაის ჭიქა ძმარი, კარგად ავურიოთ და ქილას თავი მოვუკრათ პერგამენტის ქაღალდით ან თვითონ მდოგვს მოვასხათ ზეთი. ამგვარად გაკეთებული მდოგვი დიდხანს ინახება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.