ნიადაგის დამუშავება-გაფხვიერება ძირითადად ხდება სარეველა ბალახებთან ბრძოლის მიზნით. გაფხვიერებული ნიადაგი უკეთ ინახავს სინესტეს.
ცნობილია, რომ ხეხილი ირგვება მწკრივად, მწკრივთა შორის დარჩენილი მიწა უმეტეს შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საბახჩე კულტურებისთვის და უნდა დამუშავდეს აგროტექნიკური მითითებების თანახმად.
არის კიდევ, ისეთი წესი, როდესაც მწკრივთა შორის დარჩენილ მიწის ნაკვეთებში მოჰყავთ თივა ან მიუშვებენ ბალახს. თუ ბალახი გასცილდა ნაპირებს და მოედო ხეხილის ფესვებს, ეს, რა თქმა უნდა, საზიანოდ იმოქმედებს თვით ხეზე. გაზაფხულზე ბალახები ხელს შეუშლის ხეხილის საჭირო სინესტის მიღება -მომარაგებაში, აგრეთვე გააძნელებს ჰაერის მოძრაობას, ვინაიდან ტკეპნის და ეფარება ხის ფესვს და, რაც მთავარია, ნიადაგიდან ართმევს საკვებ ნივთიერებათა საგრძნობ ნაწილს. ამიტომ ხეხილის ფესვების ირგვლივ მოშორებულ უნდა იქნას არამცთუ სარეველა, არამედ ყოველგვარი ბალახი.
თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის ფესვებთან წრიულად მოხაზული ნიადაგი, რომლის დიამეტრი 30-50 სმ უდრის, სუფთად გათოხნილი, გაფხვიერებული უნდა უნდა იქნეს. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ხის სიდიდეზე. ფესვის ირგვლივ ნიადაგი უნდა დამუშავდეს მისი გათოხვნა - გამობარვით, რაც უმეტესად შემოდგომაზე ხდება, სიცხეების დაწყების წინ. გამობარვა ხის შტამბის ირგვლივ ხდება. მისი სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 5-10 სმ; ამ დროს ბარი ფრთხილად უნდა ჩავუშვათ ხის ფესვების მიმართულების მიხედვით ისე, რომ არ დაზიანდეს ფესვები. ფესვებს მოვაშოროთ ზედ ამოსული ბეწვისმაგვარი ამონაჭრები.
საშემოდგომო გამობარვის დროს ხეხილის ფესვების ირგვლივ უნდა მოიყაროს სასუქი. სასუქი შეიძლება იყოს მინერალური და ორგანული. ორგანული სასუქის შეტანისას (შინაურ ცხოველთა და ფრინველთა განავალი ) მინერალური სასუქის (სუპერფოსფატის, ამონიაკის, გვარჯილის და სხვ.) შეტანა თითქმის ნახევრამდე მცირდება.
შემოდგომაზე სასუქის შეტანას დიდი მნიშვნელობა აქვს, ის უნარჩუნებს ფესვებს სინესტეს, სითბოს და სინოყიერეს.
შემოდგომაზე დაბარული ნიადაგი გაზაფხულზე უნდა გაიწმინდოს სარეველა ბალახებისგან, გაფხვიერდეს 7-8 სმ სიღრმემდე. ამავე დროს მცირე რაოდენობით უნდა მოეყაროს აზოტური სასუქი (1 კუბმეტრ ფართობზე დაახლოებით 25-30 გრ).
ზაფხულში, აყვავების და ნაყოფის გამოღების დროს, ხეების ძირში უნდა მოეყაროს სულფატი ან ამონიუმის გავრჯილა (სელიტრა) ყოველ კუბმეტრზე 15-16 გ. ზაფხულის მეორე ნახევარში ნიადაგი არ უნდა გამოითოხნოს, მაგრამ სარეველას მოშორება და ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება დროგამოშვებით საჭიროა.