გვიან გამოღებულ ჯერ კიდევ ნორჩ ტოტებს შესაძლებელია მოუსწროს სიცივეებმა და ხე დაზიანდეს.
ახალდარგულ ხეს ძირში უნდა მოვაყაროთ ჩვეულებრივი მიწა, რომელსაც ზემოდან დავაყრით ნაკელს ორი-სამი თითის სიმაღლეზე. ეს ნაკელი, ჯერ ერთი, ნერგებს ცოტაოდენ სინოყიერეს მისცემს და, მეორე მხრივ, ხის ძირებთან მიყრილ მიწას დაიცავს გამოშრობისგან.
კარგია აგრეთვე ნარგავის ძირებში ხავსის მიფარება,არ შეიძლება მისი ფეხების დატკეპნა, ამით შესაძლებელია დაზიანდეს მისი ჯერ კიდევ ნორჩი ძირები.
თუ ნორჩი იმდენად სუსტია, რომ საჭირა მისი სარზე მიმაგრება, ეს სარი წინასწარ უნდა ჩაირჭოს, სანამ ძირები მიწით დაიფარება, ამით თავიდან ავიცდენთ ხის ძირების დაზიანებას. სარი უნდა იყოს ხის, მაგარი და მიწაში ჩასარჭობი ადგილი მომწვარი უნდა ჰქონდეს.
ხესა და სარს შორის მცირე მანძილი უნდა დავტოვოთ, ეს მანძილი ძირისკენ უნდა გამოიტენოს ხავსით ან სხვა რაიმეთი, რომ ქარის დროს ხე არ ეხებოდეს სარს და არ გაიხეხოს.
პირველ ხანებში ნარგავი სისტემატურად უნდა მოირწყას, შემდეგ კი საჭიროების მიხედვით.
შემოდგომაზე ახალ ნარგავს და საერთოდ, ხეხილის ხეს უნდა მოეყაროს ნახევრად დამწვარი ნაკელი.
ნარგავის ზედა ნაწილი, ხის გვირგვინი, უნდა მოიჭრას ისე, რომ ხემ არ დაკარგოს თავისი სილამაზე. აგრეთვე ტოტები უნდა მოვაჭრათ ახლად ამოყრილი ტოტებიდან 4-5 გოჯის მოშორებით.
როცა ხეს წვერს მოვაჭრით, ზედა ტოტები ისე უნდა განაწილდეს, რომ ისინი ერთმანეთში არ იხლართებოდნენ.
როდის შეიძლება ხეხილის გადარგვა
ხეხილის გადარგვა შეიძლება წელიწადში ოთხჯერ:
პირველად ადრეულ გაზაფხულზე, სანამ ხეზე კვირტები გაჩნდება; პირველ ხანებში გადარგული ხე ხშირად უნდა მოირწყას, რათა არ გახმეს.
ზოგი ხეხილი, რომელიც გვიან ისხამს ნაყოფს, შეიძლება ივნისის ბოლო რიცხვებში გადაირგას. აქ მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ხის გადარგვა უნდა მოხდეს თავის მიწიანად. გადარგვა შეიძლება სექტემბერში, როდესაც წვნიანობა ხეში შენელებულია, და ოქტომბრის ბოლოს, ხოლო თბილ შემოდგომაზე - ნოემბრის პირველ ნახევარში.
ხეხილის გამრავლება მყნობის გარეშე
მოვჭრათ ერთწლიანი ნერგის საღი ტოტები თითო ხიდან არა უმეტეს ორი, ჩავარჭოთ ნოყიერ, ფხვიერ და ნესტიან ნიადაგში. პირველ ხანებში ყოველ საღამოს მოვრწყათ გვარჯილაჩაყრილი წყლით. გაზაფხულზე დარგული ასეთი ტოტები გაძლებს მეორე გაზაფხულამდე. გაზაფხულზე ამოვიღოთ მიწიდან, შევაჭრათ ფესვებს გრძელი ნაწილები და დავრგათ ჩვეულებრივი წესით. ის იზრდება და ნაყოფსაც გამოიღებს ზუსტად ისეთს, როგორსაც გვაძლევდა მოჭრილი ტოტების ხე.