» » » სახლედახელოდ მომზადებული კულიჩი ნუშით, ფანტასტიური არომატით

სახლედახელოდ მომზადებული კულიჩი ნუშით, ფანტასტიური არომატით

კულიჩის ცომის მომზადება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. კულიჩის წესიერად გამოცხობა დამოკიდებულია ფქვილის, საფუარის, ერბოსა და კვერცხის ხარისხსა და ღუმელის დროულად და წესიერად გახურებაზე. ცომის მომზადებისას უნდა გვახსოვდეს შემდეგი:
  1. საფუარი უნდა იყოს ახალი, თეთრი, სქელი და ცივად შენახული.
  2. ფქვილი და ერბო უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის.
  3. კვერცხი - აუცილებლად ახალი.

კულიჩის ცომის გამოსაცხობად კარგია თუნუქის ყალიბი. სპეციალური ყალიბები თუ არ გვაქვს, შეიძლება ვიხმაროთ სხვადასხვა ზომის ალუმინის ქვაბები. გამოცხობისას უნდა დავიცვათ შემდეგი პირობები:

ა) ჰაერღუმელი თუ ფურნე უნდა აინთოს მაშინ, როდესაც ცომი გადატანილია ყალიბებში და დადებულია თბილ ადგილას.

ბ) როდესაც ჰაერღუმელი გახურდება, ყალიბების შელაგების წინ იგი სველი ტილოთი უნდა გამოიწმინდოს. ყველაფერი ეს ძლიერ სწრაფად უნდა მოხდეს.

გ) ჰაერღუმელის ტემპერატურის გამოსარკვევად შიგ ერთი ფურცელი ქაღალდი უნდა შევაგდოთ. თუ ქაღალდი სწრაფად დაიწვა, ჰაერღუმელი მეტად ცხელი ყოფილა და უნდა გავანელოთ.

დ) დიდ ყალიბებში კულიჩის ან მისი მსგავსი სხვა ცომი 1 საათსა და 20 წუთში ცხვება, პატარაში კი - გაცილებით უფრო ნაკლებ დროში.

კულიჩი ნუშით

მასალად საჭიროა:
  • კვერცხი - 20 ცალი
  • შაქარი - 400 გრამი
  • პურის ფქვილი - 1 კილოგრამი
  • ნუში - 100 გრამი
  • ერბო - 250 გრამი
  • ლიმონი - 2 ცალი

დამზადების წესი:
20 კვერცხის გული, 400 გრამი შაქარი და 1 კილოგრამი პურის ფქვილი კარგად ავურიოთ და ვლესოთ ხის კოვზით. დავდგათ თბილ ადგილას ერთი საათით. შემდეგ ჩავაწუროთ 2 ლიმონი, ჩავაყაროთ 1 ჩაის კოვზი სოდა, წვრილად დაჭრილი 50 გრამი მწარე და 50 გრამი ტკბილი ნუში, 200 გრამი ერბო და ვზილოთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩავასხათ 20 კვერცხის თეთრად ათქვეფილი ცილა, ავურიოთ, ჩავასხათ ერბოწასმულ ყალიბებში, დავდგათ ნახევარი საათით თბილ ადგილას და შემდეგ გამოვაცხოთ ჩვეულებრივად.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.