კრემი ორგვარია: ა) უმი ნაღებისა და ბ) არაჟნისა და რძის, კვერცხის გულთან არეული. მეორე შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო, რომ კვერცხის გულის გოგლიმოგლი არ აიჭრას.
ნაღების კრემი
მასალად საჭიროა:
- ნაღები ან არაჟანი - 4 ჩაის ჭიქა
- შაქარი - 1 ჩაის ჭიქა
- ჟელატინი - 3 გრამი
- ვანილი - გემოვნების მიხედვით.
დამზადების წესი:
ნაღები ან არაჟანი ჩავასხათ მომინანქრებულ ქვაბში ან თიხის ჯამში, შევდგათ ყინულზე და ვთქვიფოთ დიდხანს. შემდეგ შევურიოთ მდუღარეში მოხარშული ჟელატინი, ჩავაწვეთოთ არომატისათვის რომელიმე სურნელოვანი სანელებელი, თანდათანობით დავაცრათ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ჩავასხათ ცივწყალგამოვლებულ ყალიბში და შევდგათ მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ ერთხელ ამოვავლოთ მდუღარეში და გადმოვიღოთ თეფშზე.
რძისა და ნაღების კრემი
ინგრედიენტები: - ნაღები ან არაჟანი - 8 ჩაის ჭიქა
- რძე - 6 ჩაის ჭიქა
- კვერცხი - 10 ცალი
- ვანილი - 1 ფხვნილი
- ჟელატინი - 15 ფურცელი
- შაქარი - 700 გრამი
- მსუბუქი ნამცხვარი - 1 კილოგრამი
დამზადების წესი:
6 ჭიქა რძე წამოვადუღოთ, ოდნავ გავაცივოთ და გავურიოთ 10 კვერცხის გულისა და 700 გრამი შაქრისგან გაკეთებული გოგლიმოგლი. ცეცხლზე შევდგათ და ნელა ვურიოთ. წყალში გავხსნათ ჟელატინი, წამოვადუღოთ, გავაცივოთ და ჩავურიოთ რძეში გოგლიმოგლის ჩასხმამდე. შემდეგ დავუმატოთ 8 ჭიქა კარგად ათქვეფილი ნაღები და დანაყილი ვანილი. კრემს რომ შავი მარცვლები არ შეყვეს, უმჯობესია ვანილი სპირტზე დავაყენოთ და გავწუროთ. ამგვარად გაკეთებული კრემ-ჟელე ჩავასხათ ცივწყალგამოვლებულ ყალიბში, პირამდე ავავსოთ, დავხუროთ თავი და შევდგათ მაცივარში.