ეს მეტად სასარგებლო იქნება არა მარტო მომჭირნეობის თვალსაზრისით, ე.ი. დაიზოგება სანოვაგე, სათბობი მასალა და დრო, არამედ იმ მხრივაც რომ, თუ კვება მრავალფეროვანი იქნება, რაც ადამიანისათვის აუცილებელია, დავეუფლებით სამზარეულო საქმეს, შევძლებთ მონარჩენი კერძის განახლებას, რომ მასში შენარჩუნებული იქნეს ყველა სასარგებლო ნივთერება. სანამ კერძების განახლების ხერხზე ვილაპარაკებდეთ, ორიოდე სიტყვით აღვნიშნოთ, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია სანოვაგის ჩამონაჭრების და მონარჩენის გამოყენებას.
- ღორის, ცხვრის ან ძროხის მსუქანი ხორცის ხარშვის დროს მოყენებული ქონი უნდა მოვხადოთ, შევინახოთ ქილაში და კატლეტის და სხვ. შესაწვავად გამოვიყენოთ.
- ძლიერი მსუქანი ხორცისგან ბიფშტექსის ან დაბეგვილი კატლეტების დამზადების დროს ხორცს ზედმეტი ქონი მოვაცილოთ, გადავადნოთ და შევინახოთ სხვა კერძებისთვის.
- კატლეტების დამზადების დროს რბილი ნაწილის მოცილების შემდეგ დარჩენილი ძვლები გამოვიყენოთ ბოსტნეულით შეზავებული სუპებისთვის.
- ხბოს ძვლებისგან კარგი კარტოფილის სუპ-ფაფა მზადდება.
- ძლიერი მსუქანი ხორცის სუპის დამზადების დროს მოყენებული ცხიმი უნდა გადმოვიღოთ და გამოვიყენოთ ბოსტნეულის კერძის დასამზადებლად.
- ქონის გადადნობის დროს დარჩენილი ხოხოზიკი მარილმოყრილი უნდა შევინახოთ და გამოვიყენოთ ლობიოს, მუხუდოს ან კარტოფილის სუპ-ფაფებისათვის.
- ბოსტნეულის ჩამონაჭრებისგან ძლიერ გემრიელი სუპი მზადდება.
- კომბოსტოს ხვიტი, პარკი ლობიოს დარჩევისას დარჩენილი ყუნწები, სატაცურის ქვედა უხეში ნაწილი, ნიახურის, კამის, ოხრახუშის ღეროები და ძირები უნდა მოიხარშოს ძლიერ დარბილებამდე და გაიწუროს. მიღებული ბულიონი შეზავდეს ერბოში მოშუშული ფქვილით და ჩაილესოს ერთი ან ორი კარგად ალესილი კვერცხის გული. კვერცხის ნაცვლად შეიძლება არაჟნის ან მაწვნის გამოყენება.
- ხორცის შაშხიდან გამონადენი მარილიანი სითხე არ უნდა გადავღვაროთ, არამედ ვადუღოთ 20-25 წუთი. შემდეგ შევინახოთ თავდაცობილ ბოთლებში, საჭიროებისდამიხედვით ვიხმაროთ ერთი-ორი კოვზი სუპებში ან ხორცის ჩახოხბილ კერძებში.
- თუ კერძში მწვანილის მხოლოდ ფოთლოვან ნაწილს ვხარშავთ, მისი ღეროები და ძირები უნდა დავჭრათ, გავახმოთ და შევინახოთ ზამთრისათვის. ასევე შეგვიძლია ფოთლოვანი ნაწილი გავახმოთ, თუ მხოლოდ ძირებს ვიყენებთ კერძისათვის.
- კვერცხის გულის კერძში გამოყენების შემდეგ დარჩენილი ცილა ავთქვიფოთ და გამოვიყენოთ გუფთის, კატლეტის, ლულა-ქაბაბის ამოსავლებად, ათქვეფილი ცილიდან შეგვიძლია აგრეთვე მოვამზადოთ "ჰაეროვანი ღევზელი, ნუშიანი შაქარლამა, ტკბილი კერძი, "თოვლის ფიფქები" და სხვა.