» » » ქართული სამზარეულოს შედევრი - ინდაურის საცივი

ქართული სამზარეულოს შედევრი - ინდაურის საცივი

ინდაურს გემრიელი და საკმაოდ რბილი ხორცი აქვს. აღსანიშნავია, რომ თუ ქათმებში გემოთი მამალს დედალი სჯობს, ინდაურებში, პირიქით, მამალ ინდაურს ბევრი უპირატესობა აქვს დედალთან შედარებით. მამალი ინდაურის ხორცი უფრო რბილი და მსუქანია, ზომითაც და წონითაც იგი უფრო დიდია და ხორციც ბევრად უფრო გემრიელი აქვს. საქართველოში ინდაური უფრო საცივად არის მიღებული. სხვა ქვეყნებში კი ინდაურისგან ამზადებენ მრავალი სახის კერძს, მაგრამ უფრო მიღებულია მრგვალად შემწვარი ან მოხარშული, რომელიმე გემრიელი საწებლით ან სატენით.

ინდაურის საცივი

მასალად საჭიროა:
  • ინდაური - 1 ცალი
  • ხახვი - 400 გრამი
  • ხმელი ქინძი - 1 სუფრის კოვზი
  • ხმელი უცხო სუნელი - 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი - 1 ძირი
  • წიწაკა - 1 ცალი
  • ზაფრანა - 3 ცალი
  • ნიგოზი - 400-500 გრამი
  • ძმარი - 1/2 ჩაის ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • მარილი - გემოვნების მიხედვით.

დამზადების წესი:
კარგად გასუფთავებული მსუქანი ინდაური ჩავდოთ დიდი ზომის ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი იმდენი, რომ ინდაურს ფარავდეს. დაახლოებით 30-40 წუთის ხარშვის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან, მოვაყაროთ მარილი გარედან - კანზე და შიგნიდან - მუცლის ღრუში. ჯერ კიდევ ცხელი ინდაური წამოვაგოთ ხის შამფურზე ღია ცეცხლზე შესაწვავად ან შეწვით ჰაერღუმელში. შეწვა გრძელდება კანის შეწითლებამდე. შემწვარი ინდაური გადავიტანოთ ლანგარზე. მის ნახარშს მოვაცილოთ ცხიმოვანი ნაწილი და შიგ მოვშუშოთ 400 გრამი ძლიერ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშულ ხახვს დავასხათ ინდაურის ნახარში, შევდგათ ცეცხლზე და ეს ხახვიანი სითხე ვადუღოთ 10-15 წუთი. შემდეგ ავურიოთ დანაყილი ხმელი ქინძი და სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა და ძლიერ წმინდად დანაყილი ნიგოზი 1/2 ჩაის ჭიქა ძმარში ალესილი. ამგვარად შეკმაზული წვენი ვადუღოთ 20 წუთი. შემდეგ გადმოვდგათ, შევაცივოთ და ჩავურიოთ კარგად გათქვეფილი 2 კვერცხის გული. ამასთან წვენს განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. შემწვარი ინდაური დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავაწყოთ ჯამფილაში და ზედ დავასხათ საცივის საწებელი. რომელიც ჯერ კიდევ თბილი იქნება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.