კოღო მალარიის გამავრცელებელი მავნე მწერია. მისგან თავის დასაცავად დაძინების წინ რამდენიმე საათით ადრე დავხუროთ საწოლი ოთახის ფანჯრები. დახურული ფანჯრის იქით დავდგათ ფარანი შიგ ჩადგმული ანთებული სანთლით. ფარანს გარედან წავუსვათ არაყშერელი თაფლი. ამ მათრობელა თაფლს დაესევიან კოღოები და იქვე დაიხოცებიან.
- კოღოებს აფრთხობს თუთუნის სუნი. დავყაროთ ჯამზე ნაკვერცხალი და მოვაყაროთ თუთუნი, იგი აუშვებს სუნს და შორს გაფანტავს კოღოებს.
- ბინაში უკვე შემოპარული კოღოების გასადევნად ოთახში შემოვიტანოთ გახურებული ქურა ან კეცზე დაყრილი ნაკვერცხლები, ზედ დავაყაროთ დანაყილი ქაფური; მისი კვამლი განდევნის და დახოცავს კოღოებს. კვამლი ადამიანისთვის უვნებელია და არ აფუჭებს ოთახში არსებულ ნივთებს.
- თუ ძილი გვიხდება ღია ცის ქვეშ, მინდვრად, სადაც კოღოებია, ტანზე უნდა წავისვათ სპირტი, რომელშიც გარეული იქნება რამდენიმე წვეთი ქაფურის ან მიხაკის ზეთი.
- კოღოს ნაკბენ ადგილზე მაშინვე უნდა წავისვათ ნიშადურის სპირტი. თუ ის არ გვაქვს, ნაკბენი ადგილები მოვიბანოთ წყლით.
- ჩრჩილის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა ნაფთალინი. შალეული ქსოვილის ტანსაცმელი, ბეწვეული, თავშლები, ნოხები და სხვა. კარგად დაბერტყილ-დაწმენდილი ჩავალაგოთ სკივრში ან კარადაში, რომლის კარებიც მჭიდროდ იხურება. თითოეულ ფენას მოვაყაროთ ნაფთალინის ფხვნილი. შევახვიოთ პერგამენტის (ეტრატის) ქაღალდში და დავხუროთ სკივრი. ნაფთალინი შეიძლება შეიცვალოს ნახევრად გამხმარი თუთუნის ფოთლებით.
- ძალიან კარგია აგრეთვე, ყუთში, რომელშიაც ვაწყობთ ნივთებს, მოვასხუროთ ბელეკონი და შიგ ჩავდგათ თავმოხდილი ბელეკონიანი შუშები. შალეულ-ბეწვეულს ჩავაფინოთ ბელეკონში ამოვლებული ქაღალდის ნაჭრები. ნოხებს მოვაყაროთ ნაფთალინი და დავკეცოთ რულონებად: გარედან შემოვახვიოთ პერგამენტის ქაღალდი.
- ჩრჩილის საწინააღმდეგოდ როიალებისა და პიანინოების შიგნითა ნაწილში უნდა დაიკიდოს ნაფთალინიანი დოლბანდის პატარა პარკები.
- ზოგჯერ ჩრჩილი წიგნებსა და ქაღალდებს ღრღნის, ამის თავიდან ასაცილებლად ქაღალდებს შორის უნდა დავდოთ ბენზინში ამოვლებული ნარმის ნაჭერი.