არსებობს მრავალი ჯიში, მაგრამ ჩვენში უმეტესად ცნობილია ორი სახის პალმა: მარაოსებრი და ფრინველის ფრთისებურად განლაგებული ფოთლებით.
მარაოსებრ პალმას მებაღეები რკინის პალმას ეძახიან, ვინაიდან ამ ჯიშის პალმა ადვილად ეგუება ბუნების ცვალებადობას. მისი კარგი თვისება ისაა, რომ არ მოითხოვს მზეზე დიდი ხნით ყოფნას და დიდ სითბოს. ეს პალმა კარგად ეგუება ოთახის პირობებს.
ასევე გამძლე და მოსავლელად ნაკლებ ად სათუთია ფინიკიის პალმა, რომელსაც ზოგჯერ ახლად ამოყრილი ყლორტები გადაეღუნება ხოლმე, მაგრამ თუ ყლორტები სწორი მიმართულებით გაიზრდება, პალმა ლაზათიანად გამოიყურება ოთახის სხვა მცენარეთა შორის.
რაც შეეხება ფრინველის ფრთისმაგვარ პალმას, ის მეტ ყურადღებას და მოვლას საჭიროებს. მისთვის აუცილებელია ფხვიერი, ნოყიერი შავი მიწა, რომელსაც ცოტაოდენი ქვიშა უნდა გაერიოს. ჩარგვის დროს ქოთნის ფსკერზე სამი-ოთხი თითის სიმაღლეზე უნდა მოეყაროს დანამული შავი მიწა, რომელსაც გავურევთ 1/4 ქვიშას მიწის რაოდენობასათან შეფარდებით. შემდეგ ჩაირგვება პალმა, მოეყრება ჯერ სუფთა მიწა, ხოლო ზემოდან სავსე პეშვი სუფთა ქვიშა, ასე გაივსება ქოთანი თუ კასრი.
პალმას დღეგამოშვებით უნდა მორწყვა. ხანდახან ოთახის მცენარეების სარწყავ წყალს უნდა გაერიოს თითო ან ორი სუფრის კოვზი სპეციალური ყვავილების სასუქი.
პალმის ფოთლები დღეგამოშვებით გაწმინდეთ რბილი ნაჭრით.