წიწმატის სალათი
წიწმატს მოვაჭრათ ძირები და ჩავყაროთ წყალში. შემდეგ ამოვიღოთ, კარგად დავბერტყოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ერთად არეული ძმარი და ზეთი. ზემოდან დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ასევე წვრილად დაჭრილი, მაგრად მოხარშული კვერცხი. ეს სალათი უნდა მივიტანოთ რომელიმე შემწვარ კერძთან ერთად.
სითხე სალათებისათვის
სუფრაზე კარგად შემზადებული სალათის მიტანას დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ იგი ადამიანს მადას უღვივებს; შენარჩუნებული აქვს ვიტამინებიც, თითქმის ყველა სახის სალათი ნედლი ბოსტნეულისგან მზადდება და მასში ვიტამინები მთლიანადაა შენარჩუნებული.
იმისათვის, რომ დიასახლისს ყოველდღე არ მოუხდეს სალათზე მოსასხმელი სითხის მომზადება, იგი შეიძლება რამდენიმე დღით ადრე დავამზადოთ შემდეგნაირად:
ინგრედიენტები:
- საჭმელი ზეთი - 200 გრამი
- ძმარი - 1/2 ჩაის ჭიქა
- მდოგვი - 1 ჩაის კოვზი
- შაქარი - 1/2 სუფრის კოვზი
- მარილი - 1 სუფრის კოვზი
დამზადების წესი:
1/2 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარში ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა ზეთი, გავურიოთ 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 1/2 სუფრის კოვზი შაქარი და 1 სუფრის კოვზი მარილი. ყველაფერი ეს ჩავასხათ დიდ ბოთლში, ისე რომ სითხე ბოთლის ნახევარამდე იყოს. დავუცოთ თავი და შევანჯღრიოთ ისე, რომ შემადგენელი ნაწილები სავსებით გაითქვიფოს ერთმანეთში. ეს იქნება ყოველდღიურად სახმარი სითხე სალათებისათვის.