ვიტამინების შემცველობის მიხედვით ხილ-ბოსტნეულს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:
პირველი ჯგუფი: ხილი და ბოსტნეული, რომლებსაც შეაქვთ ადამიანის ორგანიზმში ძირითადად ვიტამინი C, ასევე მინერალური ნივთიერებები, შაქარი, უჯრედისი, ვიტამინები A და B2.
ამ ჯგუფს მიეკუთვნება პომიდორი, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, კომბოსტო ( განსაკუთრებით დამწნილებული) მოცხარი, ხურტკმელი, ტყის კენკროვანები, წიწაკა, ჟოლო, მარწყვი, ოხრახუში.
მეორე ჯგუფი: ხილ-ბოსტნეული, რომლებიც ამაგრებენ ორგანიზმს პირველ რიგში კაროტინით. ამის გარდა ისინი შეიცავენ მინერალურ ნივთიერებებს, შაქარს, უჯრედისს, ვიტამინებს C და B2.
ამ ჯგუფს მიეკუთვნება სტაფილო, პომიდორი, ნესვი, გარგარი, გოგრა, მწვანე ხახვი, ბრიუსელის კომბოსტო, მწვანე ბარდა და ლობიო, ოხრახუშის ფოთლები, წითელი წიწაკა, ცირცელი.
მესამე ჯგუფი: ხილ-ბოსტნეული, რომლებიც შეიცავენ წყალში ხსნად მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს საშუალო რაოდენობით და დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაზე. (C და B ჯგუფის ვიტამინები).
ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჭარხალი, კიტრი, ნიახური, ხახვი, ბოლოკი, ოხრახუში, ვაშლი, მსხალი, ალუბალი და ყურძენი.
მოკლედ განვიხილოთ თუ რომელი ვიტამინი რას წარმოადგენს ორგანიზმისთვის და რომელი მცენარე შეიცავს მათ:
A ვიტამინი (რეტინოლი)
რეტინოლს ბეტა-კაროტინის ( A ვიტამინის წინამორბედის) სახით შეიცავს სტაფილო, ბულგარული და ჩვეულებრივი ცხარე წიწაკა, პომიდორი, სხვადასხვა ჯიშის კომბოსტო, გოგრა, პარკოსნები, (სოია, ბარდა), ატამი, გარგარი, ვაშლი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ასკილი, ქაცვი.
დეფიციტის დროს თავს იჩენს მხედველობის პრობლემები: მხედველობის გაუარესება შებინდებისას, ახლომხედველობა, თვალების იოლი დაღლა; უხეშდება კანი, სუსტდება იმუნიტეტი.
B1 ვიტამინი
მდიდარია: ხორბალი, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, დაუმუშავებელი ბრინჯი, ქერი, პარკოსნები, კარტოფილი, ლუდის საფუარი.
დეფიციტის დროს თავს იჩენს: იოლად დაღლა, უძილობა, თავის ტკივილი, დეპრესია, კონცენტრაციის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, ყაბზობა.
B2 ვიტამინი (რიბოფლავინი)
ხილსა და ბოსტნეულში იის 0,13 მგ-ზე ნაკლებია. B2 ვიტამინით მდიდარია ღვიძლი და თირკმელები. 100 გ ხორცში მისი შემცველობა 0,16-0,23 მგ-ია, 100 გ რძეში - 0,1 - 0,13. დეფიციტის დროს ადამიანს აღენიშნება საერთო სისუსტე, ნახეთქები ტუჩის კუთხეებში (ანგულარული სტომატიტი), ენა ჟოლოსფერი და შეშუპებულია, მის კიდეებზე კბილების ჩანაჭდევები ჩნდება. თვალები იოლად იღლება, თავს იჩენს სინათლის შიში, ვითარდება კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება).
B5 ვიტამინი (პანთოტენის მჟავა)
მდიდარია: ბარდა, საფუარი, თხილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, წიწიბურა, შვრია, ყვავილოვანი კომბოსტო...
დეფიციტის დროს აღინიშნება: იოლად დაღლა, დეპრესია, უძილობა, თავის, კუნთების, ქვედა კიდურების ტკივილი, ტერფების შეწითლება, დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება), ფეხის თითების დაბუჟება, B5 ვიტამინის ნაკლებობის დროს ქვეითდება იმუნიტეტი.
B6 ვიტამინი (პირიდოქსინი)
მდიდარია: უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, წიწიბურა, ქერი, თუმცა მარცვლეულიდან პირიდოქსინი გაცილებით უარესად შეითვისება, ვიდრე ცხოველური საკვებიდან.
დეფიციტის დროს აღინიშნება ხასიათის ხშირი ცვლილება, აგზნებადობა, პირის ღრუსა და ენის ლორწოვანის ანთება. თუ ახალშობილს B6 ვიტამინი აკლია შესაძლოა, კრუნჩხვა განუვითარდეს.
B12 ვიტამინი (ციანკობალამინი)
მდიდარია: უმთავრესად - ცხოველური სურსათი: საქონლის ღვიძლი, თევზი, ზღვის პროდუქტები, რძე, ყველი.
დეფიციტის დროს თავს იჩენს: ანემია, ტვინის ქსოვილის სტრუქტურის ცვლილება, რომელიც უმთავრესად ნევროლოგიური სიმპტომებით, ძლიერი გაღიზიანებით, კიდურების დაბუჟებით ვლინდება.
ფოლიუმის მჟავა
მას უხვად შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, პრასი, სალათა და სხვა. გარდა ამისა, იგი გვხვდება ხორცში, ღვიძლსა და თირკმელებში.
ამ ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის - შესაძლოა, დაირღვეს ნაყოფის ნერვული მილის ფორმირება, განვითარდეს, ჰიდროცეფალია, ან ენცეფალია.
C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა)
მდიდარია: ძირითადი წყაროა ახალი ხილი, ბოსტნეული, კენკრა და მწვანილი. C ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ასკილი ნაყოფი, შავი მოცხარი, წიწაკა, ლიმონი, ფორთოხალი. ასკორბინის მჟავა ბევრია კომბოსტოს მწნილშიც, ხოლო ვაშლსა და კარტოფილში - შედარებით ნაკლებია.
დეფიციტის დროს ითრგუნება იმუნიტეტი, ხშირდება ინფექციური პათოლოგიური და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ასევე საერთო სისუსტე, კანის სიმშრალე, სახსრების ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენა.
D ვიტამინი (კალციფეროლი)
ის უმთავრესად კანში წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედებით. მოიპოვება საკვებშიც: რძესა და რძის ნაწარმში, თევზის ქონში, კვერცხის გულში. ვიტამინის წინამორბედი (პროვიტამინი) ნაწილობრივ საკვების სახით გვხვდება ორგანიზმში, ნაწილობრივ კი ორგანიზმშივე არსებული ქოლესტერინისგან წარმოიქმნება.
E ვიტამინი (ტიკოფეროლი)
მდიდარია: მცენარეული ზეთი, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, წიწიბურა, მწვანილი.
ნაკლოვანებისას აღინიშნება: კუნთოვანი სისუსტე, ანემია. ახალშობილებში E ვიტამინის ნაკლოვანება იწვევს ანემიას, მხედველობის დარღვევებს, ხშირდება ფილტვის დაავადებებიც.
K ვიტამინი
მოიპოვება მწვანეფოთლოვან ბოსტნეულშიმ ასკილის ნაყოფში, ბრიუსელისა და ყვავილოვან კომბოსტოში, ჭინჭარში,ხორბალში, სოიაში,ჭვავში, შვრიაში, მწვანე ჩაიში, ლამინარიაში (ზღვის კომბოსტოში). ცხოველური საკვებიდან K ვიტამინს ყველაზე მეტს კვერცხი და ღორის ღვიძლი შეიცავს.
დეფიციტი იშვიათად ვითარდება. ამ დროს თავს იჩენს: კანქვეშა სისხლჩაქცევები, სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა უბნიდან. K ვიტამინის უკმარისობის ადრეულ ნიშნად სისხლში პროთრომბინის დონის დაქვეითება მიიჩნევა.
H ვიტამინი (ბიოტინი)
ბევრია საქონლის ღვიძლში, მიწის თხილში, პარკოსნებში. დეფიციტის დროს თავს იჩენს: სებორეული დერმატიტი, ანემია, თმის ცვენა, კუნთების ტკივილი, ენის ლორწოვანი გარსის ანთება, უძილობა, უმადობა, გულისრევა.