ქინძი ერთწლოვანი მცენარე ქოლგასანთა ოჯახიდან, ქინძის სამშობლოდ მიიჩნევა ხმელთაშუაზღვისპირეთი, სადაც გვხვდება ველური სახით. საქართველოში ქინძი გავრცელებულია უძველესი დროიდან. აქ გვხვდება ქინძის რამდენიმე კულტურული სახეობა. ქინძის მწიფე ნაყოფში 50-მდე კომპონენტია გამოვლენილი. იგი შეიცავს: და - პინენს, აციკლურ მონოტერპენებს, ბორნეოლს, გერანილაცეტატს, გერანიოლს, ეთეროვანზეთს ( 0,7-1,5%), თიმოლს, კამოფენს, კაპრინის მჟავას, კუმარინულნივთიერებებს, ლაურინის მჟავას, ლიმონენს, ლინალილაცეტატს, ლინალოლს (50-80%), ლიმონის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მირიტინის მჟავას, მირცენს, ოლეინმჟავას, პალმიტინის მჟავას, საბინინს, ტერპინენს, ფელანდრენს, ფენოლურ ნივთიერებებს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდურ ნივთიერებებს,ქაფურს და სხვა. რთულ კომპონენტებიანია თესლის ბირთვში შემავალი ეთერზეთი. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს ქინძის ფოთლები, ყვავილები, თესლები, ოფიცინალური მედიცინა ქინძის ნაყოფებს იყენებს: ბუასილის სამკურნალო, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, მეტეორიზმის საწინააღმდეგო, ნაღვლის დასადენ, საჭმლის მონელების ხელშემწყობ, ტკივილგამაყუჩებელ, ქსოვილების გრანულაციის ხელშემწყობ, ჭრილობების შემახორცებელ ნაკრებებში, გამონაცემებსა და ნაყენებში. თესლი და ეთერზეთი შედის არაერთი პრეპარატის შემადგენლობაში. ქართული ემპირიული მედიცინა მას კიდევ უფრო ფართო თერაპიული დიაპოზით იყენებს: გახანგრძლივებული მენსტრუაციის, თვალის დაავადებების, ნერვული გადატვირთვისას, რევმატიული ტკივილების, ქათმის სიბრმავისა და სხვათა შორის.
ქინძის მარცვლებიდან მოპოვებულ ზეთს გააჩნია ანტიბაქტერიული თვისება. ასევე დიდი გამოყენება აქვს საოჯახო მედიცინაში, მაგ. დაფქვილი მარცვლებისგან მომზადებული პასტა გამოიყენება წყლულებისა და ჭრილობების მოსაშუშებლად. ქინძისგან ამზადებენ ლიქიორსა და ჯინს. ქინძი გამოიყენება პარფიუმერიაშიც.