წალიკა, ანუ წყლის წიწაკა ერთწლოვანი ბალახია, იზრდება 70 სმ - მდე. ღერო მრავლად დამუხლულია, ზაფხულის ბოლოს კი ღერო ჩვეულებრივ წითლდება. ფოთლები მოგრძო ლანცეტა აქვს, თავსა და ბოლოში შევიწროებული, 3-10 სმ სიგრძის, მთელკიდიანი, ზოგჯერ ემჩნევა ჯირკვლოვანი წერტილები. ყვავილები წვრილი, მომწვანო, კენწეროში მოვარდისფრო, შეკრულია მეჩხერ მტევნებად, ზოგჯერ თავჩაქინდრულია. ახლად დაკრეფილი მცენარე მშუშხავი მწარეა. გაშრობის შემდეგ წიწაკის გემო ქრება. ხარობს ყველგან, ნესტიან და ჭაობიან ადგილებში, ჭებისა და ორმოების ირგვლივ, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე ქმნის დიდ მასივებს. ყვავილობს მთელი ზაფხულის განმავლობაში და ამ პერიოდში უნდა დამზადდეს. შეაჭერით მცენარე 20-50 სმ სიგრძეზე, გაასუფთავეთ გაყვითლებული, გახევებული ნაწილებისგან. მიწისა და სხვა მინარევებისგან, გაშალეთ თხელ ფენად და ხშირად აურიეთ შრობის დასაჩქარებლად. ნელი შრობისას ნედლეული გაშავდება. წყლის წიწაკისაგან ქარხნული წესით ამზადებენ სამკურნალო პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ექიმის დანიშნულებით საშვილოსნოდან და სხვა შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენის დროს.
ბოსტნის წალიკას ღერო აღმამდგომია, ფოთლებზე - შუა ძარღვთან, კარგად ემჩნევა ასო v-ს მაგვარი მუქი ლაქა, მტევანი ხშირყვავილიანია. მცენარეს არ აქვს მწარე გემო. იზრდება იმავე პირობებში, როგორც წყლის წიწაკა და ისეთივე წესით უნდა დამზადდეს. იხმარება როგორც შარდმდენი საშუალება და ყაბზობის დროს.
- 1 ს/კ გამშრალ მასალას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეგრილების მერე გაწურეთ ბამბაში და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
ჩვეულებრივ მატიტელას მრავალი, მიწაზე გართხმული, 30 სმ-მდე სიგრძის ღერო აქვს, წვრილ ყვავილებს იკეთებს ფოთლების უბეებში. იზრდება ნახნავ-ნათესებში, გზისპირზე, ქვიშნარზე. მისი გამონაცემი - 1 სუფრის კოვზი წამოდუღებული ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე, შეგრილების შემდეგ გაფილტრეთ, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ როგორც შარდმდენი, აგრეთვე სანაღვლე გზებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.