ჭინჭარი იზრდება ყველგან - დასახლებულ ტერიტორიაზე, დანაგვიანებულ ადგილებსა და ბუჩქებს შორის. ნედლეულად იხმარება ფოთლები, რომელიც მზადდება მაის-ივნისში, მცენარის აყვავებამდე ან ყვავილობისას. უფრო გვიან ვიტამინებს ნაკლები რაოდენობით შეიცავს, თანაც ფოთლები ყვითლდება და ცვივა. დაკრეფის დროს შეხებისას ბეწვებით დაფარული ფოთლები და ღეროები ხელებსა და სხეულს სუსხავს. ამიტომ, სასურველია, იხმაროთ ხელთათმანი, უფრო უმჯობესია ჯერ ცელით ან მაკრატლით მოჭრათ შეფოთლილი ღეროები და დატოვოთ რამდენიმე საათით. ფოთლები დაჭკნება, საშიში აღარაა და შიშველი ხელითაც შეგიძლიათ მოაცილოთ ღეროს. სასურველია, გააშროთ სწრაფად სხვენზე ან ჰაერზე ჩრდილში. შრობა დამთავრებულია, თუ შეხებისას ის იმტვრევა; ნელა შრობისას ვიტამინები დაიშლება და ნედლეულის კეთილხარისხოვნება დაეცემა. შენახვის ვადაა 2 წელი.
ჭინჭრის ახალგაზრდა ფოთლებში ბევრი ვიტამინია, 10-20 ფოთოლი შეიცავს C ვიტამინის სადღეღამისო ნორმას. მაღალ კვებით ღირსებებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ჭინჭრისგან ამზადებენ მხალს და წვნიანს, აძლევენ საკვებად ფრინველებს და საქონელს. სამკურნალო თვისებებს ჭინჭარი უფრო მოგვიანებით - ყვავილობისას იძენს: მისი გამოყენება მიზანშეწონილია ორგანიზმის ზოგადი ტონუსის გასაძლიერებლად, სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, ყაბზობის დროს.
მზადდება "ჩაი":
4 ჩაის კოვზ გამომშრალ ჭინჭრის ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღოთ და მიიღოთ ერთბაშად ან დღის განმავლობაში. თუ აფთიაქში შეიძენთ ჭინჭრის ბრიკეტებს, მის 1/2 ნაწილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გაწურეთ, გააცივეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. ჭინჭარი შედის კუჭის დაავადების სამკურნალო ნაკრებშიც.