ასკილის ყველა სახეობა ერთნაირად როდია მდიდარი ვიტამინებით. ამიტომ სამედიცინო გამოყენებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დარიჩინის სექციის ასკილს, ხოლო ე.წ. "ძაღლის ასკილის" დამზადება სასურველი არ არის. ვიტამინებით მდიდარ ასკილის მწიფე ნაყოფზე შერჩენილი ჯამის ფოთოლაკები მაღლაა აშვერილი. ასეთი სახეობის ბუჩქები იზრდება გაშლილ და მზით განათებულ ადგილებზე - მთის ფერდობებზე, ტყისა და მდინარის პირას, ხოლო ვიტამინებით ღარიბი ჯიშის ჯამის ფოთოლაკები ჯერ ქვევით გადაიღუნება და ნაყოფს მიეკვრება, შემდეგ საერთოდ ჩამოცვივა და იმ ადგილას ხუთწახნაგა პატარა ნაწიბური რჩება.
ასკილი შემოდგომაზე უნდა შევაგროვოთ. ამ დროს იგი უკვე მუქდება, ე.ი. მწიფეა და ვიტამინების რაოდენობაც მატულობს, შრება მზეზე ან ღუმელში 80-90 გრადუსზე უნდა მოხდეს. უფრო დაბალ ტემპერატურაზე გაჩერება საზიანოა, რადგან შეიძლება ვიტამინები დაიშალოს. ცუდად გამშრალი ნაყოფი ხელში იჭმუჭნება, ზედმეტად გამშრალი იფშვნება, სათანადოდ გამშრალი კი ადვილად ტყდება. აი ასეთი, ნორმალურად გამშრალი ნაყოფი ცივ და მშრალ ადგილას 2 წელი და მეტიც გაუფუჭებლად ინახება.
ასკილის ნაყოფი 2-5% C ვიტამინის ანუ ასკორბინის მჟავას სარეკორდო რაოდენობას შეიცავს, ბევრად მეტს, ვიდრე სხვა რომელიმე საკვები მცენარე ან ბოსტნეული. ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამეში 50 მგ ასკორბინმჟავას საჭიროებს, რაც შეიძლება 10-15 გ ასკილის მშრალი ნაყოფით დაკმაყოფილდეს.
ასკილის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა ვიტამინს: P, B1, B2, კაროტინებს. შეიცავს ასევე შაქრებს, ცხიმებს, ორგანულ მჟავებს.
საქარხნო პირობებში ასკილის ნაყოფისგან ამზადებენ სიროფებს, დრაჟეს, კონცენტრატებს, ასკორბინის მჟავას და პრეპარატ "ხოლოსასს". ოჯახის პირობებში შესაძლებელია მისგან მომზადდეს გამონაცემი. ამისათვის ნაყოფი გარეცხეთ ცივი წყლით, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, 200 გ-ზე დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ მთელი დღე. ამის შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და დალიეთ 100-200 მლ დღეში 1-2-ჯერ. ამგვარად მომზადებული გამონაცემი 2-3 დღეს ძლებს. თუ გინდათ უფრო ხანგრძლივად იხმაროთ, უნდა შეურიოთ შაქარი.