ამ ზაფხულს ყანაში ფეხი გავიჭერი. ჭრილობაში ინფექცია შემეჭრა და დამიჩირქდა. ტკივილმა მოსვენება დამაკარგვინა. ეს ამბავი აგვისტოს მოვლენებს დაემთხვა და სოფელში აღმოვჩნდი ჩაკეტილი, მაგრამ შესანიშნავი დახმარება გამიწია მეზობლის დედამ. მისი წინაპრები სოფლის ექიმები ყოფილან. ეს ქალბატონი თვითონაც შესანიშნავად იცნობს სამკურნალო მცენარეებს და საკუთარ კარ-მიდამოშიც აქვს მოშენებული.
- თავდაპირველად ალოეს წვენით მიმკურნალა: ალოეს ქვედა, ყველაზე წვნიანი ფოთლები მოაჭრა, დაკუწა, დოლბანდში გაახვია და წვენი ზედ ჭრილობაზე დამაწურა. თავად ჩირქოვანი ჭრილობის დასასუფთავებლად კი ეს ნახარში მოამზადა: აიღო 1 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი და ამდენივე სალბის ფოთოლი, დაასხა ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 15 წუთით ჩადგა წყლის აბაზანაში. შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გააგრილა, გადაწურა და ჭრილობა დამიმუშავა.
დამატებითი რეცეპტები:
- ჩირქგროვაზე, ან ფურუნკულზე, დაიდეთ თიხის აპლიკაცია, რამდენიმე პროცედურის შემდეგ კანი გაწმინდება.
- აიღეთ ხახვი - 1 თავი, ხმელი ქრისტესისხლა - 0,5 ჩ.კ. ხახვი გახეხეთ და შეურიეთ ქრისტესისხლა. მიღებული ფაფისებური მასა დაიდეთ ფურუნკულზე, ჩირქგროვაზე. გადაიხვიეთ.
- აიღეთ მჟაუნას ფოთოლი - 20 გრ, ხახვი - 1 თავი. ხახვი გახეხეთ სახეხზე, მჟაუნა წვრილად დაჭერით და აურიეთ. მიღებული ფაფისებური მასა დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე.
- აიღეთ ხახვი - 1 თავი, კარტოფილი - 1 ცალი, ნიორი - 2 კბილი. ხახვი, ნიორი და კარტოფილი გახეხეთ სახეხზე. ფაფისებური მასა დაიფიქსირეთ სახვევით მტკივან ადგილზე. სახვევი გამოცვალეთ 2-ჯერ დღეში.
- ხვართქალას მიწისზედა ნაწილს დაასხით სპირტი თანაფარდობით 1:2. გააჩერეთ 10 დღის განმავლობაში, გაწურეთ და გამოიყენეთ გარეგანად.
- კულმუხოს ფესვი გაახმეთ და დაფხვენით. ფხვნილს შეურიეთ ვაზელინი თანაფარდობით 1:4. გამოიყენეთ გარეგანად.
- ფურუნკულის დროს დაიდეთ ძირმიწას ნახარშის კომპრესი: 2 ს/კ მცენარეს დაასხით 1 ჩ.ჭ წყალი ხარშეთ 5-7 წთ.
- თავსისხლას გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება. დაზიანებულ ადგილებზე დაიდეთ ფესვის ცხელი საფენები.
- აიღეთ მრავალძარღვას დანაყილი, ნედლი ფოთოლი - 1 წილი, ღორის გამდნარი ქონი - 1 წილი, პურის რბილობი - 1 წილი. ყველაფერი კარგად აურიეთ. დაიდეთ ჩირქგროვაზე, ფურუნკულზე და გადაიხვიეთ ბინტით.