ზაფხულში მეგობართან ერთად აჭარის მაღალმთიან სოფელში ვისვენებდი. ერთ საღამოს ფეხი დამიცდა, მთიდან დავგორდი და ფეხი ვიღრძე. ტკივილზე მეტად ის მაწუხებდა, რომ უკვე ღამდებოდა და ვერაფრით მოვახერხებდი საავადმყოფოში წასვლას, ჩემი მასპინძლების შემაწუხებელ სახეებს რომ ვუყურებდი, ტკივილი მიათმაგდებოდა. ჩემი ამბავი მეზობლებმაც შეიტყვეს. მოხუცი ბებიაც კი მოვიდა ჩემს სანახავად, ყველა დაგვამშვიდა და გვითხრა, ნატკენ ფეხს რამდენიმე წუთში დაგიამებო.
- აიღო 2 სადილის კოვზი მარილი, დაასხა 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დაამატა 1 სადილის კოვზი ძმარი და კარგად აურია, ამ ნარევში დაასველა ბამბის ქსოვილის ნაჭერი და ზუსტად ერთი საათით დამადო ნატკენ ფეხზე, შემდეგ მომხსნა და იგივე კიდევ ერთხელ გაიმეორა.
არ დაიჯერებთ და ტკივილმა პირველივე პროცედურის შემდეგ გამიარა, შეშუპებაც კი დამიცხრა. სილურჯე რომ არ დამრჩენოდა, ამავე ქსოვილზე დამადო ყინული, რომელიც ორი საათის შემდეგ მომხსნა. ბოლოს კი მტკივანი ადგილი ქაფურის სპირტში დასველებული ტამპონით გამიწმინდა. მე და ჩემი მეგობარი თვალებს არ ვუჯერებდით...
კიდევ ერთი რეცეპტი ნაღრძობის სამკურნალოდ
- ბამბის ქსოვილისგან გამოჭერით გრძელი ლენტი და მოამზადეთ ხსნარი შემდეგი რეცეპტით: ერთ კვერცხის ცილას შეათქვიფეთ 1 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი (ან არაყი) და 1 სუფრის კოვზი ფქვილი. ეს ნარევი ცალი მხრიდან წაუსვით ლენტს და მტკივან ადგილზე შემოიხვიეთ. ნახვევი ძალიან არ უნდა გიჭერდეთ.
ხსნარი რომ გაშრება, ნახვევი დაზიანებულ ადგილს დააფიქსირებს და შვებას იგრძნობთ. ყოველდღე ახალი ნახვევის დადებაა საჭირო. როდის შეწყვიტოთ, თვითონვე მიხვდებით.