რამდენიმე წლის წინ დამემართა ვირუსული კონიუნქტივიტი. ცალი თვალი პროცესმა ისე ჩაითრია, რომ პრაქტიკულად ვერაფერს ვხედავდი. ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მაღალმთიან სოფელში რამდენიმე სკა აქვს და კარგად იცის, რა სიკეთის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის თაფლი, მირჩია, თვალში თაფლის წვეთები ჩამეწვეთებინა.
- თავდაპირველად ჩაწვეთება დავიწყე ასეთი პროპორციით - 10:1, ანუ 10 წვეთი მდუღარე წყალი და 1 წვეთი თაფლი. ყოველდღე წყალს 1 წვეთით ნაკლებს ვიღებდი. ასე ჩამოვედი 3 წვეთ წყალსა და 1 წვეთ თაფლზე. მკურნალობა გავაგრძელე 3 თვე, შესვენების გარეშე. ვიწვეთებდი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს. წვეთებს ყოველ ჯერზე ახალ-ახალს ვამზადებდი. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თაფლმა მხედველობა გადამირჩინა.
დამატებითი რეცეპტები:
- გაიკეთეთ ხარისჩლიქას ფესვის ნახარშის საფენები: 5 გრ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე 15 წთ, გადადგით და გააჩერეთ 30 წთ.
- მტკივან თვალებში გამოივლეთ სელიჭას ბალახის გაწურული ნახარში, ან აიღეთ 20-20 გრ სელიჭას ბალახი, ღიღილოს ყვავილი და დიდგულას ყვავილი, აურიეთ, დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8 სთ. და გაწურეთ. ეს ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ საფენების სახით, ან თვალში ჩაიწვეთოთ. ეს საშუალება ამცირებს ანთებას, ჩირქს და აუმჯობესებს მხედველობას.
- საფენების, ან სავლების სახით შეგიძლიათ, ასევე, გამოიყენოთ მრავალძარღვას თესლის ნაყენი: 10 გრ დანაყილ თესლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წთ. ან მოამზადეთ ხსნარი თვალებში გამოსავლებად: 1 წილ გვირილას ბალახს დაასხით 20 წილი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ.
- თვალების ანთების, ასევე ახალშეძენილ კატარაქტის დროს თვალებზე დაიდეთ თაფლის 20%-იანი ხსნარის საფენები: 1 ჩ/კ სუფთა თაფლი გააზავეთ 1 ჩ/ჭ წყალში და ადუღეთ 5 წთ. დაბალ ცეცხლზე.
- თვალების ტკივილის დროს თვალებზე დაიდეთ ქრისტესისხლას ბალახის ნახარში თაფლთან ერთად. 1 ს/კ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე 5 წთ, გადადგით და გააჩერეთ 20 წთ, გაწურეთ. დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი და მოურიეთ.
- ქრონიკული კონიუნქტივიტის დროს ყოველდღე მიირთვით 1 ს/კ მოცვის ნედლი, ან ხმელი, კენკრა. ეს აუმჯობესებს მხედველობას.