ბავშვობიდან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი. დამისვეს ქოლეცისტიტის დიაგნოზი. ცხიმიანი, ცხარე და ნიგვზიანი ვერაფერი მეჭამა - მაშინვე შეტევა მეწყებოდა. ჩავიტარე ექოსკოპიური გამოკვლევა - მითხრეს, კენჭი არ გაქვს, მხოლოდ ანთებააო. ეს იმის ბრალია, რომ ნაღველს უჭირს ნაღვლის ბუშტიდან გადინება, ამიტომ ნაღველმდენები უნდა სვაო. ქიმიურ წამლებს, რა თქმა უნდა, მცენარეები მერჩივნა, მოვიძიე წიგნები, გადავიკითხე და შევიტყვე, რომ უკვდავას (ნეგოს) ნაღველმდენი თვისებები ჰქონია. ისიც ეწერა, თუ მას სამყურასთან, პიტნასა და ქინძის თესლთან ერთად გამოიყენებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთო. ვცადე, მოვამზადე მითითებული რეცეპტით, ვსვი ორი კვირა და საოცარი შედეგი მივიღე. ახლა წელიწადში ორჯერ მაინც პროფილაქტიკისთვის ვიტარებ 2-2 კვირიან კურსს. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ, დარწმუნებული ვარ, ბევრს გამოადგება.
ნაღვლის დენის გამაძლიერებელი ჩაი ასე მზადდება:
ინგრედიენტები:- 3 ჩ/კ ნეგოს ყვავილი
- 3 ჩ/კ სამყურას ფოთოლი
- 2 ჩ/კ პიტნის ფოთოლი
- 2 ჩ/კ ქინძის თესლი
მომზადების და მიღების წესი: ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ, ამის შემდეგ 1 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი, გავფილტროთ, გავაგრილოთ და ვსვათ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.