მიუხედავად იმისა, რომ პოლივინილის ქლორიდი აღმოაჩინეს ამერიკაში, პირველად PVC ფანჯრების წარმოება გერმანიაში დაიწყო. 1959 წელს ჰაინს ფაშის გამოგონების წარმოება გერმანულმა კომპანიამ Rehau დაიწყო. სწორედ მაშინ გაჩნდა მყარი ფანჯრის PVC-პროფილი.
პლასტმასის ფანჯრები და კარები
Rehau-ს წარმატებაში კარგი სარეკლამო აქციები დაეხმარა: ზოგიერთ მოსახლეს ძველი ხის ფანჯრები ახალი პლასტმასის ფანჯრებით უფასოდ ჩაუნაცვლეს. ასე თანდათანობით გერმანია, შემდეგ კი მთელი დასავლეთი მსოფლიო მიაჩვიეს აზრს, რომ პლასტმასის ფანჯარა - ეს ლამაზი, მოდური და მომგებიანია.
PVC-პროფილის ფანჯრებმა პოტსაბჭოთა ბაზარი სწრაფად დაიპყრო. და გასაგებია რატომაც: მიუხედავად საკმაოდ მაღალი ფასისა, ეს ფანჯრები სახლის გათბობისთვის უფრო მეტი თანხის დაზოგვის საშუალებას იძლევა და მისაღებ ტემპერატურას მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი ინარჩუნებს.
თუმცა, დღეს ახალი ტენდენცია გაჩნდა: ადამიანები პლასტმასის ფანჯრებზე უარს ამბობენ. უკვე დასახლებულ ბინებში ეს ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ იქ, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, პლასტმასის ფანჯრები პოპულარული არაა.
რატომ? სითბოს შენარჩუნების მათი უნარი ბოლო წლებში გაუარესდა? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ პლასტმასის ფანჯრების გამოყენებისას მათ უპირატესობასთან ერთად ნაკლოვანებებიც გამოჩნდა, რომელთაც გამყიდველები იშვიათად ახსენებენ.
პლასტმასის ფანჯრების უარყოფითი მხარე
1. ტოქსიკური დანამატები
PVC ტოქსიკური დანამატების ფართო სპექტრს მოიცავს, ძირითადად ტყვიაზე დაფუძნებულ სტაბილიზატორებს, ფუნგიციდებს და პლასტიზატორებს. ტყვია ერთ-ერთი ყველაზე მავნე ელემენტია, რომელიც ბუნებაში გვხვდება. ადამიანის ორგანიზმში ის ჰაერიდან, საკვებიდან ან წყლიდან შეიძლება მოხვდეს. გროვდება სხეულში, ძვლებში და თირკმლის, ღვიძლის, ნერვული სისტემის დაავადებებს იწვევს.
ტყვიის მცირე დოზის მიმართ მოხუცები და ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან. გამყიდველები ამბობენ, რომ ძლიერი გაცხელების გარეშე პლასტმასიდან ტყვიის გამოყოფა არ მოხდება. მაგრამ მოწინავეებმა ტყვია სხვა სტაბილიზატორით თავად ჩაანაცვლეს, რომელიც ჯანმრთელობისთვის თითქმის უვნებელია.
მსხვილი ევროპელი და რუსი მწარმოებლები თითქმის უვნებელ სტაბილიზატორებს იყენებენ, მაგრამ არანაირ ნიშანს ამ ფანჯრებზე არ ტოვებენ. აქედან გამომდინარე, თავად ვერ შეძლებთ იმის განსაზღვრას, შეიცავს თუ არა თქვენი პლასტმასის ფანჯარა ტყვიას. იძულებული იქნებით მწარმოებელს ენდოთ.
2. ვენტილაციის პრობლემები
გაირკვა, რომ პლასტმასის ფანჯრების მთავარი ღირსებაა - ოთახის ჰაერისგან იზოლაცია, რაც მისი მთავარი ნაკლიც არის.
მრავალ სართულიან ბინებში ვენტილაციის სისტემა დაფუძნებულია ქუჩის ჰაერის ბუნებრივ შემოდინებასა ფანჯრებიდან და შემოსასვლელი კარიდან. ჰაერი ყველა ოთახს გაივლის, ყველა მავნე ნივთიერებას იწოვს და სამზარეულოს და სააბაზანოს სავენტილაციო არხებიდან გადის.
პლასტმასის ჰერმენტული ფანჯრები ჰაერის ბუნებრივ ნაკადს ზღუდავს, რის გამოც ვენტილაცია ირღვევა. ამის გამო ფანჯრების დაორთქვლა იწყება. ოთახის ტენიანობა იზრდება, რაც სხვადასხვა მიკრობების, სოკოების და ობის გაჩენას უწყობს ხელს.
ფანჯარა, რომელიც არ "სუნთქავს" სუფთა ჰაერის ნაკადის შემოსვლას ზღუდავს და მტვრის კონცენტრაციას ზრდის. შედეგად, სუნთქვა რთულდება, ჩნდება ალერგია, კანის დაავადება და ასთმა. ბავშვები ავადდებიან და უფროსები მუდმივად თავის ტკივილს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უჩივიან.
მავნე ნივთიერების დაგროვება, მაგ., გაზის ღუმელიდან ნახშირბადის მონოქსიდი, ავეჯიდან ტოქსიკური ფორმალდეჰიდი და სხვა. კონდიციონერები და ვენტილიატორები ყოველთვის ამ ამოცანას წარმატებით ვერ უმკლავდებიან და ხშირად პრობლემას ართულებენ.
გერმანელი მეცნიერების აზრით, ბოლო ათწლეულებში ასთმის, ალერგიის, კანის და ონკოლოგიური დაავადებების ზრდა პირდაპირ ბინის არაჯანსაღ მიკროკლიმატთან და PVC- პროფილის ფანჯრებთან არის დაკავშირებული.
თუ ფანჯრებს ისე რეგულარულად გავაღებთ, როგორც მწარმოებლები გვირჩევენ, ეს ფანჯრების დადებით მხარს ნულამდე დაიყვანს, რადგან სუფთა და ცივი ჰაერი ოთახს გააგრილებს და შემდეგ მისი კვლავ გათბობა გახდება საჭირო.
3. მექანიკური დაზიანების "შიში"
როგორც თავად ფანჯრის მწარმოებლები აღიარებენ, მექანიკური დაზიანების შემდეგ მისი აღდგენა ან ფიქსაცია თითქმის შეუძლებელია. ნაკაწრები სამუდამოდ დარჩება.
თუ შუშა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, აი ჩარჩოებზე ნაკაწრები რემონტს არ ექვემდებარება. ასეთი დაზიანება ღია ფერის ზედაპირზე განსაკუთრებით შესამჩნევია.
4. რემონტის სირთულე
ძალიან რთულია პლასტმასის ფანჯრების გარემონტება. სარემონტო სამუშაოების წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია ფანჯრების ხარისხზე და ნაკრებზე, ასევე მონტაჟზე. უნდა დაიმახსოვროთ, რომ PVC პროფილის ფანჯრები საკმაოდ რთული კონსტრუქციის არის. სწორედ ამიტომ, ყიდვის დროს გამყიდველს შესაბამისი სერთიფიკატის და ხარისხი უნდა მოსთხოვოთ.
5. PVC პროფილის გაფართოების დიდი კოეფიციენტი
საქმე იმაშია, რომ ძლიერ სიცხეში ფანჯრების მასალა გაფართოებას იწყებს, ხოლო სიცივეში მცირდება. ამის გამო პლასტმასზე შეიძლება ბზარები გაჩნდეს. ყინვამ შეიძლება სამონტაჟო ქაფიდან მისი ამოვარდნაც გამოიწვიოს.
6. გატეხვის საშიშროება
პლასტმასის ფანჯრები ადვილად შეიძლება გატყდეს.მისი გახსნა თხელი და ბასრი ობიექტით (დანა, სახრახნისი) შეიძლება. საკმარისია ბოროტმოქმედებმა მთელ სიგრძეზე ინსტრუმენტი მოატაროს და დააწვეს მას, როგორც ბერკეტი.
1995 წელს შვედეთმა PVC ყველა პროდუქტის აკრძალვის წინადადება შემოიტანა, ხოლო დანიაში პლასტმასის პროდუქციაზე გადასახადი დააწესეს. 150-ზე მეტმა ევროპულმა კავშირმა PVC პროდუქტები უკვე აკრძალა ან საერთო შენობებში მათი ეტაპობრივი აკრძალვის პოლიტიკას ატარებენ.
გერმანელები - ასეთი ფანჯრების წარმოებით ლიდერები - სულ უფრო ნაკლებად აყენებენ მათ საკუთარ სახლებში, მათ ფანჯრების ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაცია აქვთ, სწორედ ამიტომ ნატურალური ხისგან დამზადებული ჩარჩოების ყიდვას ცდილობენ.
სპეციალისტები გვირჩევენ პლასტმასის ფანჯრებზე ხის სასარგებლოდ უარი ვთქვათ, რომელიც გარედან ჰაერის ნაკადის შემოდინებას ხელს უწყობს ან პლასტმასის ფანჯრებზე ვენტილაციის არხები დავაყენოთ.
თუ მაინც პლასტმასის ფანჯრები შეუკვეთეთ, გამყიდველს ხარისხის სერთიფიკატი მოსთხოვეთ, რადგან პლასტმასი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, სხვადახვა ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმით. უნდა გახსოვდეთ, რომ ფანჯარა - ეს ხანგრძლივი ინვესტიციაა და მასზე ეკონომია არ ღირს.