15 წელია, რაც წითელი ქარით ვიტანჯები. რამდენჯერმე ვიმკურნალე ანტიბიოტიკებით, მაგრამ უშედეგოდ. წელიწადი ისე არ ჩაივლის, ქვედა კიდურებზე გამონაყარმა, სიცხემ და ტკივილმა არ გამამწაროს... ბოლოს ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და ხალხური მედიცინის იმედად დავრჩი. ზოგიერთი რეცეპტი თავად ვიპოვე, ზოგი ახლობლებმა და მეგობრებმა მომაწოდეს. მეც რაღა დამრჩენოდა, მათ ერთმანეთის მიყოლებით ვცდიდი საკუთარ თავზე. რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ - 30-მდე ხალხური საშუალება მოვსინჯე. ზოგმა მართლაც მაგრძნობინა უკეთესობა, მაგრამ მცირე ხნით, ზოგმა - ისიც ვერა... გადიოდა ხანი და ჩემს ავადმყოფობას არაფერი შველოდა. დიდი ხნის შემდეგ ერთ ჟურნალში წავაწყდი სტატიას სათაურით: "წითელი ქარი წითელი აბრეშუმის წინ ფარ-ხმალს ყრის". წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ხომ გაგიგონიათ, და ამ საშუალების გამოცდაც გადავწყიტე. სტატიაშივე იყო მითითებული, რომ ამ მოვლენისთვის ოფიციალურ მედიცინას ჯერ კიდევ ვერ ეპოვა რაციონალური ახსნა, მაგრამ ამას აღარ დაგიდევნით; იმ დღესვე შევიძინე წითელი აბრეშუმის ნაჭერი და ჟურნალში მითითებული წესით მოვამზადე წამალი.
წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:- 2 ს/კ ნატურალური თაფლი
- წითელი აბრეშუმის ნაჭერი (დაახლოებით ხელის გაშლილი მტევნის ოდენა)
მომზადების და გამოყენების წესი:ნაჭერი უნდა დაჭრათ უწვრილეს ზოლებად და თაფლში აურიოთ. მიღებული მასა უნდა გაყოთ სამ ნაწილად. დილით, მზის ამოსვლამდე, დაზიანებულ კანზე უნდა დაიდოთ ერთი ნაწილი და შეიხვიოთ. ასე უნდა განაგრძოთ გამოჯანმრთელებამდე. მე წითელი აბრეშუმის სამკურნალო ძალაში დასარწმუნებლად 1 თვე მეყო.