ნიახური
ნიახური მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით - კალიუმით, ნატრიუმით, კალციუმით, თუთიით, რკინით, ფოსფორით, მაგნიუმით, C ვიტამინით, შეიცავს აგრეთვე B,PP და E ჯგუფის ვიტამინებს, პურინებს, ეთერზეთებსა და პროვიტამინ A-ს. ჩინურ მედიცინაში ნიახური ოდითგანვე ცნობილია როგორც წნევის დამწევი საშუალება. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ის არტერიული წნევის მარეგულირებელ ნივთიერებებს შეიცავს.
ნიახურის ფესვის, ღეროსა და ფოთლების ნაყენი აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში დაგროვილი აირების გამოდევნას, განამტკიცებს ნერვულ სისტემას, ასტიმულირებს შარდის გამოყოფას. აქვს ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ადვილად ახორცებს ჭრილობებს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, აძლიერებს ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარს.
ნიახურის ნაყენი ოდითგანვე გამოიყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად ჭინჭრის ციების, ლიქენისა და კანის სხვა დაავადებების დროს, მისი თესლის ნაყენი კი თირკმელსა და შარდის ბუშტის დაავადებათა სამკურნალო საუკეთესო საშუალებაა, რეკომენდებულია აგრეთვე პოდაგრისა და რევმატიზმის დროს.
ნიახურის ფოთლებისა და ფესვების ნაყენით ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების დამუშავება (მობანა) მათ სწრაფად მოშუშება - შეხორცებას ხელს უწყობს ხელს. ამავე მიზნით ჭრილობასა თუ წყლულზე შეიძლება ნიახურის ახალმოკრეფილი და დაჩეჩქვილი ფოთლების დაფენა ან ნიახურის შემცველი მალამოს წასმა (მცენარის დაქუცმაცებულ - დაჩეჩქვილი ფოთლები ერევა მზესუმზირას ზეთს).
ორგანიზმის გასაწმენდად:
- აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ნიახურის თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ანადუღარი, გაცივებული წყალი, 2 საათით გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახვარი საათით ადრე თითო სადილის კოვზი.
- აიღეთ ორი სადილის კოვზი ნიახურის ფესვი ან ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 4 საათით გააჩერეთ და გადაწურეთ. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების მოსაბანად.
ტყის მარწყვი
ტყის მარწყვი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, სალიცილისა და ფოსფორის მჟავებს, A, B და C ვიტამინებს, აგრეთვე - მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინებს, კაროტინსა და რკინას. ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, ფლავონოიდებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და ალკალოიდებით. მცენარის ყველა ორგანოში მოიპოვება რუტინი.
მცენარის ნაყოფს აქვს შარდმდენი და შემომგარსველი მოქმედება. ააქტიურებს სისხლის წარმოქმნის პროცესს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, გამოირჩევა ნაღველმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამიტომაც ტყის მარწყვი როგორც სამკურნალო საშუალება რეკომედებულია ჰიპერტონიით, შაქრიანი დიაბეტით, ანემიით, ათეროსკლეროზით, გასტრიტითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის. გარეგანი ფორმით იყენებენ ეგზემის დროს.
ტყის მარწყვს ჭიების გამოდევნის განსაკუთრებული თვისება აქვს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს.მცენარის ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვათა ამპლიტუდას, ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და შაქრის დამწევი ეფექტი, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას, სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს.