ლევომეკოლის მალამო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა პოპულარული. ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ამ პრეპარატმა, თავისი ეფექტურობის დამსახურებით, ქირურგიაში ერთ-ერთი მთავარი დამხმარის სახელი მიიღო. რაც მთავარია, მალამოს ხელმისაწვდომი ფასი აქვს, ხოლო მისი სარგებელი გაცილებით მეტია, სხვა წამლებთან შედარებით.
ლევომეკოლის შემადგენლობაში შედის ორი აქტიური ნივთიერება:
- ქლორამფენიკოლი, რომელიც ანტიბაქტერიული პრეპარატია, გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრით.
- იმუნოსტიმულატორი მეთილურაცილი - მასტიმულირებელი და მარეგენერირებელი ნივთიერება.
მალამოს ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო და რეგენერაციული მოქმედება აქვს.
ეს პრეპარატი დაგეხმარებათ შემდეგ შემთხვევებში:
დამწვრობის დროს
ლევომეკოლი წმენდს დამწვრობის ჭრილობას მკვდარი უჯრედებისგან. ასეთი ჭრილობის ზედაპირი შემდეგნაირად უნდა დაიმუშავოთ:
პირველ რიგში, ჩამოიბანეთ დამწვრობა ცივი წყლით. შემდეგ, წაუსვით მალამო სტერილურ მარლას და დაიდეთ ჭრილობაზე. სახვევი ყოველდღე უნდა შეიცვალოთ. მალამო გამოიყენეთ ჭრილობის სრულ შეხორცებამდე. თუ მცირე ზომის საყოფაცხოვრებო დამწვრობა გაქვთ, მკურნალობის კურსი 5-14 დღეს უნდა შეადგენდეს.
ბუასილი
ბუასილის შემთხვევაში, გამოიყენეთ მალამო მხოლოდ გამწვავების პერიოდში, 10 დღის განმავლობაში. ანუსზე შეიზილეთ მალამო ძილის წინ, ყოველდღე. პროცედურამდე აუცილებელია ანალური ხვრელის კარგად ჩამობანა თბილი წყლით. ლევომეკოლი გეხმარებათ ანთების მოხსნასა და ბაქტერიების განადგურებაში.
თუ კანზე ჩირქოვანი ჭრილობები და წყლულები გაჩნდა
ლევომეკოლი კარგია იმით, რომ მას ნებისმიერი ჭრილობის დამუშავება შეუძლია - ჭრილობები, ნაკაწრები, მწერის ნაკბენები, ნაწოლები და ა.შ.
თუ ჭრილობის დაჩირქებას ვერ მოერიდეთ, შემდეგნაირად მოიქეცით:
დასაწყისისთვის, გამოიყენეთ ბამბის ან მარლის ტამპონები, ჩალბობილი ანტისეპტიკით, მოაშორეთ ჭრილობას ყველაფერი, რასაც გამოყოფს. შემდეგ დაიდეთ მალამო პირდაპირ ჭრილობაზე, ზემოდან კი დაიფარეთ ლევომეკოლით გაჟღენთილი მარლა. თუ გამოყოფილი ჩირქის რაოდენობა დიდია, სახვევი უნდა ცვალოთ დღეში რამდენჯერმე. დაიმუშავეთ ჭრილობა იმდენჯერ, რამდენიც საჭირო იქნება ჩირქოვანი გამონადენის სრულად შეწყვეტისთვის.
ხოლო თუ დაჩირქებას გადაურჩით, აი, რა უნდა გააკეთოთ:
პირველ რიგში, დაიმუშავეთ ჭრილობის მონაკვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგითა და სამედიცინო სპირტით. დაიდეთ მალამო ზუსტად ჭრილობის ზედაპირზე, საჭიროებისამებრ კი შეიხვიეთ ჭრილობის მონაკვეთი. დამუშავება დღეში ერთხელ უნდა მოხდეს, ჭრილობის შეხორცებამდე.
ჰაიმორიტისა და ყურის დაავადების დროს
იმ შემთხვევაში, თუ ქრონიკული სურდო გაქვთ, დღეში 1-2-ჯერ შეიზილეთ ცხვირის ნესტოებზე ლევომეკოლი, ბამბის ჩხირების გამოყენებით. თუ ჰაიმორიტი გაქვთ, გაიკეთეთ მარლის ტურუნდა, უხვად გაჟღინთეთ ლევომეკოლით და მოითავსეთ ნესტოებში.
შემდეგ დაწექით, გადაწიეთ თავი უკან და გაჩერდით ასე 30 წუთით. შემდეგ გამოიღეთ ცხვირიდან ტურუნდები. პროცედურა დღეში 3-4-ჯერ უნდა გაიმეოროთ. ტურუნდების ჩასმამდე გამოიბანეთ ცხვირი მარილიანი წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით. მკურნალობის კურსი 5-7 დღეს მოიცავს.
ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ, თუ გარე სასმენი არხის ანთება აღმოგიჩნდათ. მხოლოდ ტურუნდა ამჯერად მთელი ღამით უნდა გაიჩეროთ, მკურნალობის კურსი კი 5-10 დღე გრძელდება.
თუ მუწუკები გაქვთ
ლევომეკოლის მალამოს გამოყენება რეკომენდებულია ლოკალურად. დაიტანეთ ცოტაოდენი მალამო კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე. ამისთვის მალამო მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.
ღრძილების პრობლემები
ამ შემთხვევაში, დაიტანეთ ლევომეკოლი ღრძილებზე აპლიკაციის სახით. ეს შემდეგნაირად უნდა გააკეთოთ:
გამოივლეთ პირის ღრუ სალბის ნახარშით. შემდეგ, სტერილური ბამბის გამოყენებით, გააკეთეთ მილაკები და გაჟღინთეთ მალამოთი. შემდეგ დაიდეთ ისინი პირის დაზიანებულ მონაკვეთებზე რამდენიმე საათით. პროცედურა გაიმეორეთ დღეში ორჯერ, დაავადებების სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
ასევე გირჩევთ უყუროთ ვიდეოს სახის კანის მოვლის სწორი მოვლის შესახებ