რჩევების რედაქციამ გადაწყვიტა, საბოლოოდ გაერკვეს ამ საკითხში და გაგაგებინოთ, თუ როგორ მოქმედებს ეს ჩვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. აი, რას ამბობენ გამოცდილი დიეტოლოგები და გასტროენტეროლოგები.
დავაყოლოთ თუ არა წყალი საკვებს
ის, ვინც თვლის, რომ საკვებს წყალი არ უნდა დააყოლოს, სრულიად ლოგიკურად მსჯელობს: წყალი აზავებს კუჭის წვენსა და ნერწყვს, რეცხავს მნიშვნელოვან ფერმენტებს, რომლებიც საჭმლის მონელებისთვის აუცილებელია, რაც ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე. თუმცა, ეს ლოგიკური მოსაზრებები შორსაა ფიზიოლოგიური პროცესებისგან - ისინი გაცილებით რთულია.
საჭმლის მონელების პროცესი კუჭში კი არა, თავში იწყება: როცა ადამიანი ხედავს გემრიელ საკვებს, პირში ჩნდება ნერწყვი, საკვების ღეჭვის დროს, მას ვურევთ ნერწყვთან, რომელიც ფერმენტებითაა მდიდარი და კუჭში უკვე დარბილებულ ლუკმებს უშვებს. აქ პროცესში ერთვება კუჭის წვენი.
საშუალოსტატისტიკური ადამიანის კუჭს 3-4 საათი სჭირდება მსუყე სადილის ქიმუსად - თხევად ნივთიერებად გარდაქმნისთვის. სწორედ ეს ქიმუსი ტოვებს კუჭს და მიემართება ნაწლავებისკენ, სადაც ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებს უტოვებს.
და, თუ საკვები კუჭში რამდენიმე საათით ჩერდება, წყალი მალევე გაედინება - 300 მლ წყალი კუჭს 10 წუთსი დატოვებს. თუ საკვებს წყალს აყოლებთ, ეს უკანასკნელი სწრაფად გაივლის საჭმლის მომნელებელ სისტემას და დამატებით ასველებს მშრალ საკვებს.
წყალი არ მოქმედებს მჟავიანობაზე
ჭამის დროს კუჭში მოხვედრისას წყალი არსებითად არ ცვლის კუჭის წვენის მჟავიანობას. არც ფერმენტების მოქმედება უფერულდება, პირიქით, ეხმარება მათ დასახული მისიის მარტივად შესრულებაში. ფერმენტების ფუნქცია თხევადი ფაზით შემოიფარგლება და ეს ფაქტი მნიშვნელოვანია სასარგებლო ნივთიერებების სისხლში გაწოვისთვისაც.
მაშინაც კი, თუ პრინციპულად მიირთმევთ მშრალ საკვებს, ორგანიზმი მაინც გამოყოფს საჭირო რაოდენობის სითხეს კუჭსა და ნაწლავებში. სხვათაშორის, კუჭში 2 ლიტრამდე წყალი გამოიყოფა დღეში.
ადამიანის ორგანიზმი - დეტალებამდე გათვლილი სისტემაა. მაშინაც კი, თუ 100 ლ წყალს დალევთ, მჟავიანობაზე გავლენას ვერ მოახდენთ. თუ კუჭი იგრძნობს, რომ ვერ უმკლავდება მონელების პროცესს, იგი ფერმენტების ახალ ულუფას გამოიმუშავებს და ზრდის წვენის მჟავიანობას. წყალი კუჭში საკვებთან ერთადაც ხვდება - მაგალითად, ფორთოხალი, რომელიც 80%-ით წყლისგან შედგება.
წყალი არ მოქმედებს საჭმლის მონელების სიჩქარეზე
კვების "ექსპერტები" ამტკიცებენ, რომ კუჭში ჭამის დროს მოხვედრილი წყალი აწვება გადაუმუშავებელ საკვებს პირდაპირ ნაწლავებამდე. მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ მაშინაც კი, თუ წყალი კუჭიდან უფრო მალე გადის, ვიდრე მყარი სხეულები, ეს საერთოდ ვერ იმოქმედებს მათი მონელების სიჩქარეზე და შეუძლებელია, წყალმა თან წაიღოს საკვების ნაწილი ნაწლავებში დროზე ადრე.
და მაინც, შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა?
დასკვნა მარტივია: თუ წყლის დალევა მოგწონთ, ასე გააგრძელეთ! თუ წყალს სწორად დალევთ, არავითარ ზიანს არ მიიღებთ. პირიქით, სითხე გეხმარებათ საკვების დარბილებასა და მარტივად გადამუშავებაში, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მუშაობას და აძლიერებს ნაწლავებში სასარგებლო ნივთიერებების შეწოვის პროცესს. ნუ დალევთ წყალს, სანამ საკვებს არ დაღეჭავთ და გადაყლაპავთ - იგი ნერწყვით კარგად უნდა გაიჟღინთოს.
თუ წყლის ნაცვლად ჩაის სვამთ, არც ესაა უბედურება. სითხე ერთნაირად ახდენს გავლენას საჭმლის მომნელებელ პროცესებზე, იქნება ეს ლიმონიანი წყალი, ჩაი თუ ყავა.