რატომ ჩნდება ლაქები
ასაკობრივი ლაქები იგივე ლენტიგო - ეს მომცრო კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია ამობერილი ან ბრტყელი ფორმით. ხშირად, ისინი მუქი ყავისფერი, ყავისფერი ან მონაცრისფროა. ჩვეულებრივ, პიგმენტური ლაქები ჩნდება მზისთვის მისაწვდომ კანის მონაკვეთებზე: სახეზე, კისერზე, ხელების ხურგზე, მხრებზე. დაბერება და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება იწვევს მელანინის - კანის ფერზე პასუხისმგებელი პიგმენტის ჭარბ გამოყოფას. ასევე, ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსის ან ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების შედეგიც. თუმცა, ექიმებს დღემდე არ შეუძლიათ მუქი ლაქების გაჩენის მიზეზის დადგენა. ჩვეულებრივ, ისინი 50+ ასაკში ჩნდება, თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, 40 წლის ასაკშიც გვხვდება.
გავლენა ჯანმრთელობაზე
ვინაიდან ლაქები კეთილთვისებიანია, ისინი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და იშვიათად იწვევს პრობლემებს. უბრალოდ ესთეტიკური დისკომფორტი მოაქვს. თუმცა, თუ ლაქები გამუქდა, სისხლდენა დაეწყო ან ზომაში გაიზარდა - უმჯობესია, კონსულტაცია თერაპევტთან ან დერმატოლოგთან გაიაროთ.
როგორ მოვიშოროთ
ვინაიდან ასაკობრივი ლენტიგო არ წარმოადგენს საშიშროებას, მისი მკურნალობა აუცილებელი არაა. ამასთან, ისინი არ წყვეტს გაჩენას. არსებობს წარმონაქმნების მოშორების რამდენიმე საშუალება კანის გარეგანი იერის გასაუმჯობესებლად.
- ლაზერით დამუშავება
პროცედურა რამდენიმე სეანსში მოგაშორებთ ლაქებს და შედეგს დიდხანს შეინარჩუნებს. მართალია, ლაქები რაღაც დროით შეიძლება გამუქდეს ან დაიფუფხოს, თუმცა ეს მალევე გადადის. - ქირურგიული ჩარევა
ექიმი გაშორებთ წარმონაქმნებს სკალპელის გამოყენებით, ადგილობრივი ანესთეზიით. თუმცა, ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია ქსოვილის დაზიანება და შრამების გაჩენა. - ქიმიური ჩარევა
სპეციალისტი იყენებს საშუალებას, რომელიც შლის კანის გარე ფენას, რათა ახალი გაიზარდოს. თუმცა, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, უარი თქვით მსგავს მეთოდზე. - კრიოთერაპია
ლაქები თხევადი აზოტის ზემოქმედებით იშლება. თუმცა, აუცილებელია პროფესიონალი კოსმეტოლოგის ჩარევა, ვინაიდან უხარისზო პროცედურა ჯანმრთელ ქსოვილებს აზიანებს.
არ დაგავიწყდეთ ძირითადი წესიც: მოარიდეთ კანი ულტრაიისფერ სხივებს, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები და არ დაგავიწყდეთ შლაპები და მოსასხამები.