» » » ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასქესო ორგანოების ჰიგიენას

ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასქესო ორგანოების ჰიგიენას

ინტიმური ჰიგიენა დელიკატური თემაა და, ჩვეულებრივ, ცდილობენ, მას არ შეეხონ, მაგრამ გაჩუმება და თვალის დახუჭვა შესაძლოა უსიამოვნოდ შემოგვიბრუნდეს. ინტიმური ჰიგიენის დაუცველობა ხშირად იქცევა ქალის სასქესო ორგანოების დაავადებათა მიზეზად. საშოს შესავალი ანალურ ხვრელთან ახლოს არის, ამიტომ აუცილებელია, პირად ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, რათა თავიდან იქნეს აუცილებელი იფექციის მოხვედრა ქალის შინაგან სასქესო ორგანოებში. საშვილოსნო ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის დროს, რადგან ამ პერიოდში საშვილოსნოს ყელს დამცავი საცობი არ ფარავს. სასქესო ორგანოების დამცავი შესაძლებლობები დამოკიდებულია ქალის ასაკზე. 17-18 წლამდე, ანუ მოწიფულობამდე, გოგონას საშოს მიკროფლორას ყოველგვარი არასასურველი ფაქტორი ადვილად არღვევს. მისი მდგომარეობა მცირდება კლიმაქტერულ პერიოდშიც. ცხოვრების ამ საფეხურზე ინტიმური ჰიგიენის წესები განსაკუთრებით უნდა იქნეს დაცული.

გაგაცნობთ ქალის ინტიმური ჰიგიენის წესებს, რომელთა დაცვა თავიდან აგაცილებთ სასქესო ორგანოთა ანთებით დაავადებებს.
  • საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის რღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი დაბანის დროს მასში საპნის ტუტე ქაფის მოხვედრაა, აბაზანის ჩვეულებრივი ჟელე ინტიმური ადგილების მჟავატუტოვან ბალანსს უფრო ტუტოვანს ხდის. თუ ეს ერთხელ მოხდა, საშიში არ არის, მაგრამ მუდმივი გატუტოვნება იწვევს საშოს მიკროფლორის დარღვევას, პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას და სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარებას. გახსოვდეთ, ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელეები არ კურნავს ანთებით დაავადებებს. თუ გაქვთ გამონადენი, გაწუხებთ ქავილი ან წვა, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.

  • გარეთა სასქესო ორგანოები ჩაიბანეთ დღეში, სულ მცირე, ორჯერ. დაუშვებელია საშოს გამობანა შხაპით.
    მენსტრუაციის პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა აუცილებელია ტუალეტში ყოველი შესვლისას. თუ საამისო შესაძლებლობა არ გაქვთ, ხელთ გქონდეთ ანტისეპტიკური ლოსიონით გაჟღენთილი სველი ხელსაწმინდები. ისინი არ შეიცავენ სპირტს, რომელიც ლორწოვან გარსებს აღიზიანებს. სამაგიეროდ ზოგიერთი მათგანი შეიცავს დამატენიანებელ მცენარეულ ზეთს, დამამშვიდებელ სამკურნალო ბალახს და რძემჟავას მჟავატუტოვანი წონასწორობის აღმდგენ ექსტრაქტებს. სველი საწმენდები ინტიმური გამოყენებისათვის უნდა იყოს განკუთვნილი. ანალური ხვრელის ირგვლივ მიდამო უნდა დაიბანოთ ჩვეილებრივი საპნით, რადგან ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელე ამ ზონის დეზინფექციას ვერ უზრუნველყოფს. სასქესო ორგანოების დაბანისას ხელის მოძრაობა და წყლის ნაკადი მიმართეთ წინიდან უკან. იგივე ითქმის ბუნებრივი მოთხოვნილებისას ტუალეტის ქაღალდის მოძრაობის მიმართულებაზეც. ღრუბელი ამ დელიკატურ პროცესში სრულიად არ არის საჭირო. მან შესაძლოა დააზიანოს სასქესო ორგანოების მგრძნობიარე კანი. პირსახოცი უნდა იყოს სუფთა, რბილი და აუცილებლად ინდივიდუალური.

  • ყოველდღიური საფენები უნდა გამოიცვალოთ მინიმუმ 4 საათში ერთხელ. რაც უფრო მეტხანს დაიტოვებთ საფენს, მით უფრო მეტია მავნე ბაქტერიების გამრავლების საშიშროება. თუ ალერგიული ხართ, უპირატესობა მიანიჭეთ საფენებს არომატიზატორების გარეშე. საშოს ტამპონები უნდა გამოიცვალოს 2 საათში ერთხელ. მისი გაჩერება უფრო მეტხანს არ შეიძლება.

  • ატარეთ მოხერხებული ქვედა საცვლები. გინეკოლოგები ყველაზე მეტად მოდურ ქვედა საცვლებს - სტრინგებსა და ტანგებს უარყოფენ. რასაკვირველია, ისინი მოხდენილად და სექსუალურად გამოიყურება, მაგრამ სიარულის დროს თხელ ზონარს ანუსიდან სასქესო ორგანოებისკენ ბაქტერიები გადააქვს. გარდა ამისა, თუ საცვალი ტანზე მეტისმეტად მჭიდროდ ზის, სისხლის მიმოქცევას არღვევს. თეთრეული დამზადებული უნდა იყოს ნატურალური მასალისგან. იგი იწოვს სისველეს, კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გასამრავლებლად.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.