» » » კლიმაქსის პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირადი ჰიგიენის დაცვას

კლიმაქსის პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირადი ჰიგიენის დაცვას

სქესობრივი მომწიფების შემდეგ ქალს 30-35 წლის განმავლობაში რეგულარულად აქვს მენსტრუაცია, შემდგომ მენსტრუალური და შვილოსნობის ფუნქცია უწყდება და ეწყება კლიმაქსის პერიოდი.
ზოგიერთს თვიური ეკარგება 45 წლის ასაკში, ზოგიერთს კი უფრო ადრე. ზოგ შემთხვევაში მენსტრუალური ფუნქცია არსებობს 50 წლის ასაკამდე და მეტ ხანსაც.
ზოგჯერ ქალს თვიური ერთბაშად შეუწყდება, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მენსტრუაცია ჯერ არარეგულარულ ხასიათს ღებულობს (თვიური მოდის სხვადასხვა შუალედებით, ხან ჭარბად, ხან მცირე რაოდენობით). ასე შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი, სანამ თვიური მთლიანად არ შეწყდება. მენსტრუალური ციკლის მოშლა და შეწყვეტა გამოწვეულია საკვერცხეების ფუნქციის ჩაქრობით. იწყება სასქესო ორგანოების შემცირება და შეჭმუხნა.
ამ დროს არცთუ იშვიათად ირღვევა ნივთიერებათა ცვლა. ზოგჯერ ქალი საკმაოდ ჩქარა სუქდება (ცხიმი ჭარბად გროვდება ბარძაყების, მუცლის, დუნდულებისა და სარძევე ჯირკვლების არეში), ზოგი კი ხდება. სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე კანი მკვრივდება. აღინიშნება სარძევე ჯირკვლების დაპატარავება, მოდუნება, ზოგჯერ სხეული კარგავს თავის ფორმას. თანდათან იცვლება ქალის ფიზიკური გარეგნობა და არცთუ იშვიათად ხასიათიც.

კლიმაქსი ქალის ცხოვრებაში ნორმალური მოვლენაა და გარდამავალი პერიოდია სიბერეში. მაგრამ ზოგიერთ ქალს უჭირს მისი გადატანა, ბევრ ქალს უვითარდება უსიამოვნო, ზოგჯერ კი ძალიან შემაწუხებელი შეგრძნებები. აღინიშნება სისხლის მიწოლა სახეში (ალები), ოფლიანობა, თავბრუ, თავის ტკივილი, გულის მხრივ მოვლენები, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა და ა.შ. ყველა აღნიშნული მოვლენა სუსტადაა გამოხატული მაშინ, თუ ქალი ამ დროს აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ყოველდღიურად ეწევა სამსახურეობრივ და საოჯახო საქმიანობას.

ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირადი ჰიგიენის დაცვას, რომელოც დაკავშირებულია კლიმაქსის პერიოდის თავისებურებებთან. ძალიან სასარგებლოა ყველა სახის წყლის პროცედურა (ყოველდღიურად თბილი აბაზანა ან თბილი წყლის შხაპი). გარეთა სასქესო ორგანოები ყოველდღიურად უნდა ჩაიბანოს თბილი წყლითა და საპნით, რითაც შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ შესუსტდეს ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების არეში. თუ ქავილი ძლიერ შემაწუხებელია, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს ქავილის მიზეზის დასადგენად და მკურნალობის ჩასატარებლად. გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი შეიძლება გამოიწვიოს ანთებამ, ჭიებმა და შაქრიანმა დიაბეტმა.

კლიმაქსის პერიოდში რეკომენდებულია ფიზკულტურა, განსაკუთრებით დილის გამამხნევებელი ვარჯიში, რაც შეიძლება მეტ ხანს სუფთა ჰაერზე ყოფნა. ყოველივე ეს ხელს უშლის ზედმეტად გასუქებას, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ქალს ნაკლებად აწუხებს ალები და უმჯობესდება ნევრული სისტემის მდგომარეობა. გასუქების პროფილაქტიკის მიზნით ქალმა უნდა დაიცვას გარკვეული დიეტა. ძირითადად იკვებებოდეს რძისა და ბოსტნეულის ნაწარმით, ნაკლებად ჭამოს ტკბილი, ცხიმიანი საჭმელი და ცომეული, ერიდოს ისეთი საკვების მიღებას, რომელიც მოაწყურებს (მჟავე, ცხარე და მლაშე საკვები, ალკოჰოლური სასმელები). სასარგებლოა ხილი, მჭლე ხორცი, თევზი. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კუჭის მოქმედება, კერძოდ შეკრულობა. ცნობილია, რომ კლიმაქსის დროს ყველა უსიამოვნო მოვლენა მსუბუქად მიმდინარეობს მაშინ, თუ კუჭ-ნაწლავის მოქმედება ნორმალურია.

თვიურის შეწყვეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან (სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კავშირის ან კუჭის მოქმედების შემდეგ), წყალწყალა თეთრად შლა ძალიან საეჭვოა ავთვისებიანი სიმსივნის მხრივ და ამიტომ ქალმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს.
რაც უნდა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდეს კლიმაქსის პერიოდი, ქალი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მაინც ეჩვენოს ექიმს, ვინაიდან ამ დროს ავთვისებიანი სიმსივნეები, კერძოდ კიბო, უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდობის ასაკში. დაავადებათა განვითარება და მათი ადრეული გამოვლინება არანაკლებ დამოკიდებულია თვითონ ქალზე, კერძოდ იმაზე, თუ როდის მიმართავს იგი ექიმს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.