დასვენება, დასვენება და კიდევ ერთხელ დასვენება
ორსულად ხართ, მაგრამ ბროლის ლარნაკად ხომ არ ქცეულხართ? თუ უგუნებობას არ უჩივით, ექიმები არ გესაუბრებიან მუცლის მოშლის საშიშროებაზე და მკაცრ წოლით რეჟიმს არ გინიშნავენ, იცხოვრეთ ჩვეულებრივი ცხოვრებით. ცურვას, ტრენაჟორებზე ვარჯიშს და ველოსიპედით სეირნობისას თავს ნუ დაანებებთ, მაგრამ ვაჯიშს და ველოსიპედით სეირნობას თავს ნუ დაანებებთ, მაგრამ ვაჯიშის ინტენსივობისა და სქემის შეცვლა აუცილებელია.
იცხოვრეთ ძველებურად
სამწუხაროდ, ეს რჩევა ყოველთვის არ გამოგადგებათ. ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროსაც კი რაღაც-რაღაცეები იცვლება. მაგალითად, უეცრად ამჩნევთ, რომ თქვენი ოფისი მეტისმეტად დახუთულია, ავტომობილში ბენზინის საეჭვოდ ძლიერი სუნი დგას, სურნელი, რომელიც ადრე ძალიან მოგწონდათ, გულს გირევთ, მესამე ტრიმესტრის დასასრულს კი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ყველა საზოგადოებრივი ტუალეტი გეცოდინებათ.
როგორც არ უნდა გავსუქდე, მშობიარობის შემდეგ იოლად დავიბრუნებ ფორმას
ეს კი ნამდვილად მითია. ზოგი შესამჩნევად იმატებს წინას, ზოგი - ნაკლებად; ზოგი ადვილად იბრუნებს ფორმას მშობიარობის შემდეგ, ზოგიერთს კი ამისთვის სერიოზული ძალისხმევა სჭირდება...
ორსულთა კოსმეტიკა
თანამედროვე ქალებმა იციან, რომ ორსულობისას სტრიების საწინააღმდეგო კრემების ხმარება აუცილებელია; თუ ვინმეს სტრიები გაუჩნდა, ესე იგი, ან კრემს არ ისვამდა, ან იაფფასიანი კრემი შეიძინა. სინამდვილეში კრემი ამ საკითხში ძალიან უმნიშვნელო როლს ასრულებს. სამაგიეროდ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენებს. იკითხეთ, ჰქონდა თუ არა სტრიები თქვენს დედას და ბებიას - მოსალოდნელია, თქვენც მათი ბედი გაიზიაროთ. სტრიების გაჩენა კანის ტიპზეა დამოკიდებული და არა კრემის წასმა-არწასმაზე, განურჩევლად მისი საფასურისა. რაც შეეხება, ზოგადად, კოსმეტიკას: ორსულობის დროს (ისევე, როგორც მანამდე და მის შემდეგ) მხოლოდ ხარისხიანი საშუალებები უნდა იხმაროთ. მშრალ კანს ყოველდღიური კრემი მოუხდება, ხოლო თმის ცვენას ხარისხიანი ვიტამინური კომპლექსის დროული მიღება შეგიმცირებთ.
ორსულისთვის განკუთვნილი სპეციალური კოსმეტიკა სხვებს არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ არც აღემატება.
არც შევიღებოთ და არც შევიჭრათ
შეღებვა არ შეიძლება, რადგან საღებავი ნაყოფისთვის საშიშია - გეუბნებათ დედა. ბებია გარწმუნებთ, რომ თმის შეჭრით ბავშვს ჯანმრთელობას (ჭკუას, ძალას) ართმევთ. გიშლიან ლაქის წასმას, დეზოდორანტის, დეკორატიული კოსმეტიკისა და სუნამოს ხმარებას... არ გაგიკვირდეთ, თუ ამის შემდეგ ირგვლივ მყოფები თანაგრძნობით აღსავსე თვალებით შემოგხედავენ, თითქოს გეუბნებიან: " რას იზამ, ორსულობა ყველას როდი უხდება..."სინამდვილეში ბოლოებგაყოფილი თმა, შეუღებავი თმის ძირები, მოუვლელი ხელები და ოფლის სუნი არავისაც არ უხდება.
საშიშია თუ არა საღებავი ნაყოფისთვის?
ჯერ ერთი, თანამედროვე საღებავები რადიკალურად განსხვავდება მათგან, დედათქვენისა და ბებიათქვენის ახალგაზრდობისას რომ ხმარობდნენ. მეორეც, რა მავნეც უნდა იყოს, ის მხოლოდ თქვენსა კანსა და თმას მიაყენებს ზიანს. ჯერ ერთი, ჩვენი ორგანიზმი საკმაოდ ადვილად უმკლავდება ამ ტიპის ნეგატიურ ფაქტორებს, მეორეც, პლანცეტას სწორედ ის ევალება, რომ მავნე ნივთიერებები ნაყოფთან არ მიუშვას.
სხვა საქმეა სუნების გამძაფრებული აღმა - თუ სალონში ჯდომა გიჭირთ, შეგიძლიათ, პარიკმახერი და მემანიკურე სახლში დაიბაროთ.
ორსულისთვის სტრესი მავნეა
საზოგადოდ, სტრესი არავისთვის არის სასარგებლო, მაგრამ ადამიანს ყოველდღიურად უამრავი უსიამოვნება ხდება. ეს ნორმალურია. ადამიანის ორგანიზმს შეუძლია და პერიოდულად უნდა მიიღოს კიდეც ადრენალინის დოზა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში მთავარია არა თავად სიტუაცია, არამედ მისდამი თქვენი დამოკიდებულება. გამუდმებით იმაზე ფიქრი, ხომ არ ავნო სტრესმა თქვენს შვილს, უფრო უარესია, ვიდრე ხანმოკლე ემოციური შეჯანჯღარება.
გნებავთ პოზიტივი და დადებითი ემოციები? საკუთარ თავს შთააგონეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი რიგზე გექნებათ.