» » » რისი ნიშანი შეიძლება იყოს ხელის უეცარი დაბუჟება

რისი ნიშანი შეიძლება იყოს ხელის უეცარი დაბუჟება

მტევნების დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციას დარღვევა სდევს თან. ამ დროს ექიმის დროული კონსულტაცია აუცილებელია - თვითმკურნალობამ შესაძლოა კლინიკური სურათი წაშალოს და დაავადების ამოცნობა გაართულოს.
კიდურების დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. ამ შემთხვევაში ეს სიმპტომი საშიში არ არის. საკმარისია, კიდურს მდგომარეობა შევუცვალოთ, რომ ნერვის ფუნქცია აღდგება და უსიამოვნო შეგრძნებები გაივლის.
ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, კიდევ რის ნიშანი შეიძლება იყოს ხელის უეცარი დაბუჟება.

ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს.
ეს შეგრძნება, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს გვიქმნის და ხელს უშლის საქმიანობას, შესაძლოა სერიოზული დაავდების ნიშანიც აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესია, პირველი გამოვლენისთანავე მივაქციოთ ყურადღება.
დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს.
იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზმა თუ ნერვზე ზეწოლამ.
ხელების დაბუჟება შესაძლოა გამოიწვიოს დაკბილული კუნთების სპაზმმა, სპაზმის მიზეზი კი შესაძლოა იყოს კუნთის გადაღლა, სიმძიმის გადატანა, კისრის დიდხანს ჭერა უხერხულ პოზიციაში (ტელეფონით საუბრისას, მწოლიარე მდგომარეობაში კითხვისას, ტელევიზორის ყურებისას), შეუკავებელი ხველა.
ხელების დაბუჟებას იწვევს ასევე სხვადასხვა ნევროლოგიური, ენდოკრინული, ანგიოლოგიური პათოლოგია, ტრავმული დაზიანება, დამწვრობა.

დღისა და ღამის დაბუჟება
ღამით ხელების დაბუჟება ნევროლოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია. ცნობილია ამ ფენომენის სხვადასხვა მექანიზმი: კომპრესიული, კომპრესიულ-იშემიური, ლიმფოსტაზური, სისხლძარღვოვანი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციით განპირობებული. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და კომპრესიის გამომწვევ კუნთზეა დამოკიდებული. მაგალითად, ღამის პარესთეზიები შუა დაკბილული კუნთის სინდრომს ახასიათებს. ამ დროს საქმე გვაქვს მხრის ნერვულ წნულზე მეზობლად მდებარე კუნთის ზეწოლასთან, რაც მის დისფუნქციას იწვევს.

თერაპევტები და ნევროლოგები ამ ჩივილს ზოგჯერ სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ან იწყებენ ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვოვან თერაპიას ფიზიოპროცედურებთან ერთად, რაც ხშირად უეფექტო აღმოჩნდება ხოლმე.
ღამის დაბუჟების მიზეზად შესაძლოა იქცეს კარპული გვირაბული სინდრომიც. ამ დროს დაბუჟება მაქსიმალურია დილით (შესაძლოა, ერთვოდეს ტკივილიც), დღის განმავლობაში კი შედარებით სუსტდება.
ის, რომ ხელების დაბუჟება დილაობით უფრო შესამჩნევია, ზოგჯერ განპირობებულია საწოლში სხეულის უხერხული პოზიციით. მაგალითად, თუ გვერდზე გძინავთ და ხელი თავქვეშ გაქვთ ამოდებული, იგრძნობთ ხელის მტევნის დაბუჟებას. პოზიციის შეცვლის შემდეგ საჭიროა რამდენიმე წუთი, რომ დაბუჟებამ გაიაროს. ზოგჯერ კი მიზეზი ართრიტია - დილით, ზოგადი შებოჭილობის ფონზე, შესაძლოა განვითარდეს დაბუჟება, რომელიც თანდათანობით გაივლის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.