» » » თუ ჩვილი ფეხებს ხრის და ჭიმავს, ასეთი მოძრაობების შემჩნევისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

თუ ჩვილი ფეხებს ხრის და ჭიმავს, ასეთი მოძრაობების შემჩნევისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

ჩვილ ასაკში ქავილს მრავალი მიზეზი აქვს. დავიწყოთ ახალშობილობის პერიოდიდან. უახლესი მონაცემებით, როცა დედა პაპილომავირუსით არის ინფიცირებული, შვილიც ინფიცირებული იბადება. თანდაყოლილ ინფექციას ახალშობილის უცნაური საქციელი გვაეჭვებინებს: ჩვილს შორისის მიდამო ექავება, რის გამოც უცნაურ მოძრაობებს ასრულებს - ფეხებს ხრის და ჭიმავს, განსაკუთრებით - პამპერსის გამოცვლისას, როცა შიშველს ვტოვებთ მაგიდასა თუ საწოლზე. თუ ასეთი რამ შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს და თქვენი შეშფოთების მიზეზი აუხსნათ. სასურველია, დედასაც და შვილსაც ვირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდეთ. თუ პატარას მოგვიანებით 4-5 თვის ასაკში, დაეწყო მოუსვენრობა, ოფლიანობა, განსაკუთრებით - ძილისა და ჭამის დროს, თავის ქავილი, რის გამოც ბალიშს განუწყვეტლივ უხახუნებს თავს და კეფაზე თმა სცვივა, - რაქიტთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვის პირად პედიატრს, რათა დროულად იქნეს დაწყებული ანტირაქიტული მკურნალობა - დაინიშნოს მედიკამენტები, კვებისა და დღის რეჟიმი. 10-11 თვიდან პატარა ხოხვას იწყებს. რაც უნდა ხშირად და გულმოდგინედ დაასუფთაოთ იატაკი, ალბათობა იმისა, რომ პატარას ორგანიზმი ჭიებით დაბინძურდეს მაღალია. მით უმეტეს, კბილების ამოჭრისას, როცა ბავშვს პირისკენ მიაქვს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება.
ინვაზიის ნიშნები ასეთია:
ბავშვი ცუდად ჭამს, ჭირვეულობს, მოუსვენრად სძინავს, კბილებს აკრაჭუნებს, იქავებს უკანა ტანს, უზმოზე პირიდან ამოსდის უსიამოვნო სუნი. თუ ამ ნიშნებს დროულად არ მივაქციეთ ყურადღება, ბავშვი ზრდაში ჩამორჩენას დაიწყებს, განუვითარდება ცვლილებები სისხლში (ანემია, ეოზონოფილია). ამ შემთხვევაშიც პედიატრს უნდა მიმართოთ. ბავშვი მკურნალობის დაწყებისთანავე იგრძნობს შვებას, მაგრმა სასურველი შედეგის მისაღებად კურსი რამდენიმეჯერ უნდა განმეორდეს. პარაზიტებთან ბრძოლა არც ისე ადვილია...

შორისის მიდამოს ქავილი
შორისის მიდამოს ქავილი, გარდა ზემოთ ნახსენები თანდაყოლილი პაპილომავირუსული ინფექციისა, შეიძლება გამოიწვიოს ჭიებით ინვაზიამ, ხოლო სქესობრივი მომწიფების პერიოდში - ვულვოვაგინიტმა. ამ დაავდებას კანდიდას ოჯახის სოკოები იწვევს. მის განვითარებას ხელს უწყობს ჰიგიენის არასათანადო დაცვა და ანტიბიოტიკების ხშირი, უსისტემო მიღება. ვულვოვაგინიტს ქავილი, ჰიპერემია, თეთრი ხაჭოსებრი ნადები, ანთებითი ფიფქები ახასიათებს. ის ადვილად ემორჩილება ვაგინალური მალამოებით, ნისტატინით, კლოტრიმაზოლით მკურნალობას, მაგრამ თვითმკურნალობას არ გირჩევთ - ადვილი შესაძლებელია, პროცესი გახანგრძლივდეს და სხვა ორგანოებიც დააზიანოს.

ქავილი და ვირუსული ჰეპატიტები.
ვირუსული ჰეპატიტის დროს ქავილი მართლაც ხშირად გვხვდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ იგი დამახასიათებელი სადიაგნოსტიკო ნიშანი იყოს. A და B ვირუსული ჰეპატიტების საწყისი, პროდრომული პერიოდი მწვავედ, საერთო ინტოქსიკაციის თანხლებით მიმდინარეობს - დამახასიათებელია სისუსტე, უძლურება, უმადობა, გულისრევა, პირღებინება, ძილად მივარდა, თავის ტკივილი, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და ეპიგასტრიუმის არეში, ნაწლავთა დისფუნქცია-ყაბზობა ან დეფეკაცია თხიერი განავლით. A ჰეპატიტის დროს ქავილი სიყვითლის გამომჟღავნებამდე იჩენს თავს. B ჰეპატიტის შემთხვევაში სიყვითლისწინა პერიოდში კანზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც წითელას, ქუნთრუშას ან ჭინჭრის ციებას წააგავს. განსაკუთრებით ხშირია პაპულური დერმატიტი. სწორედ ამით აიხსნება, რომ B ჰეპატიტის დროს ქავილი უფრო ძლიერი და შემაწუხებელია, ვიდრე A ჰეპატიტის დროს. ამრიგად, შესაძლებელია, ბავშვთა ასაკში ქავილი ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო კრიეტერიუმად ჩაითვალოს. მშობლებს მხოლოდ დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა დროულად შემაჩნიონ ეს სიმპტომი და მიმართონ პედიატრს. სრულყოფილ ანამნეზზე, დაავადების დროულ გამოვლენასა და დიაგნოზის სიზუსტეზე ბევრად არის დამოკიდებული მკურნალობის საბოლოო შედეგი.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.